
ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია თანხა, რაც ჩვენი ემიგრაციისგან ირიცხება - ყველა ოჯახი მადლობელია და სწორად უყურებს ამ მნიშვნელოვან შენატანს, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა? - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა “საარჩევნო კოდექსის“ პროექტის იმ ნაწილის კრიტიკის პასუხად გააკეთა, რომლის გათვალისწინებით, პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოში გაიმართება და უცხოეთში საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, 2024 წელს ჩვენი ემიგრაციისგან 3 მილიარდ 300 მილიონი დოლარი გადმოირიცხა.
“ეს არის ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი თანხა. ძალიან ბუნებრივია, რომ ყველა ოჯახი მადლობელია და სწორად უყურებს ამ მნიშვნელოვან შენატანს საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაში, მაგრამ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა? ეს ფული კონკრეტულ ადამიანებს და კონკრეტულად იმ მოქალაქეებს ჩაერიცხა, ვისი ოჯახის წევრებიც უცხოეთში იმყოფებიან. ჩვენთვის სავსებით გასაგებია, ეს რამხელა შრომასთან და რამხელა ენერგიასთან არის დაკავშირებული, რომ ეს ადამიანები იქ ნაღვაწის მნიშვნელოვან პროცენტს საკუთარ ქვეყანაში გზავნიან, მაგრამ მაინც უნდა ვიყოთ ზუსტი, არ უნდა მოვატყუოთ საზოგადოება - საუბარია არა 11 მილიარდზე, არამედ 3 მილიარდ 300 მილიონი დოლარზე“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტი ახალი რედაქციის “საარჩევნო კოდექსს“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს პირველი მოსმენით იხილავს.