
ამდენი წლის განმავლობაში, საქართველო ფაქტობრივად ღია კარში დგას, არც ნატო-ში უშვებენ და თან ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებენ საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა. დეპუტატი გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას, რომელმაც "რადიო თავისუფლების" კითხვაზე - არის თუ არა საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანა, თქვა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატოს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება.
„საქართველო-ნატო-ს ურთიერთობაში ვისაც შეშფოთების რაიმე საფუძველი აქვს, ეს არის საქართველო, რომელმაც რეალურად, სამწუხაროდ, ვერ იგრძნო ნატო-ს მხარდაჭერა, დაწყებული 2008 წლის ომის უმძიმესი დღეებიდან, როდესაც ამ პროცესებს გარკვეული სათავე დაუდო ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაჟღერებულმა პოზიციამ, რომ საქართველოს ნატო-ში მიღების პროცესი აქტუალური იყო, რამაც დააპროვოცირა რუსული აგრესია. ამის ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ამდენი წლის განმავლობაში საქართველო ფაქტობრივად ღია კარში დგას, არც ნატო-ში უშვებენ და თან, ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებენ საქართველოსთან მიმართებით", - აღნიშნა წილოსანმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა: „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, შეუძლია, სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება. მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ“.