რეზონანსი
25.11.2025

დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა მელიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მისთვის მიხეილ სააკაშვილი წითელი ხაზია და საქართველოს მესამე პრეზიდენტთან თანამშრომლობას არ აპირებს, "ნაციონალურ მოძრაობაში" პირველი კომენტარი კეთდება. 

პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერ ფორმატში "მიხეილ სააკაშვილი საკვანძო როლს ითამაშებს". 

"ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს მას შემდეგ, რაც ის იქნება საქართველოში და თავისუფლებაზე. ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ მომავალ თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოში თუნდაც, სააკაშვილი ითამაშებს საკვანძო როლს. დრო გვიჩვენებს, ჩვენ უნდა გვქონდეს შესაბამისი არენა იმისთვის, რომ პოლიტიკური აქტიურობა სხვა ეტაპზე გადავიდეს და სწორედ ამ არენაზე გასასვლელად მოსამზადებელი სამუშაოების დროს გვეცოდინება და თქვენც შეგატყობინებთ, თუ რა ფორმატით, ვისთან, როგორ და ვინ თანამშრომლობს - შეიძლება რამდენიმე კვირაში, შეიძლება რამდენიმე თვეში," - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში  "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მუშაობდა და ასუსტებდა პარტიას. 

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ბევრი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ერთიან სიას არ დაეთანხმა, ყველამ ცალ-ლაკე იასპარეზა, რამაც "ბიძინა ივანიშვილის ამოცანებს ხელი შეუწყო". 

"გასულ წელს ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა, ჩვენი კონკურენტი იყო ამ არჩევნებში, "ნაციონალურ მოძრაობას" ასუსტებდა ეს პოლიტიკური ძალა. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს ძალიან უხაროდა, რომ ბევრი ოპოზიციური მოთამაშეა ველზე და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი სწორედ აქედან გამომდინარე იყო ოპოზიციის გაერთიანება იმ მომენტისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომ ერთი-ერთზე დასავლეთსა და რუსეთს შორის ჰქონოდა ამომრჩეველს არჩევნის გაკეთების საშუალება. ჩვენ ვიყავით ერთიანი სიის მომხრე. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგა ამ ნაბიჯზე არ წამოვიდა, არ დაგვთანხმდა იძულებულები გავხდით რა, ეს მოცემულობა შეიქმნა, რომ ყველამ ცალ-ლაკე ვიასპარეზეთ, რამაც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ამოცანებს ხელი შეუწყო," - თქვა პეტრე ცისკარიშვილმა. 

ცნობისთვის, განსასჯელის სკამიდან ნიკა მელია, გუშინ, დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილთან შევიდა. დაპატიმრებულმა ოპოზიციონერმა ლიდერმა წითელი ხაზები გაავლო და დაასახელა პოლიტიკოსი, ვინც ბიძინა ივანიშვილის მსგავსად მისთვის მიუღებელია და ვისთანაც თანამშრომლობას არ აპირებს.

მელიას ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც სააკაშვილმა პარტია "ახალის" ლიდერები ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×