
ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და მწარე აქტივისტი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს. იგი აღიარებს, რომ პროტესტი ნელ-ნელა კვდება.
"სანამ ერთი კაცი მაინც მივა რუსთაველზე გასაპროტესტებლად, მეც იქ ვიქნები, მაგრამ ახლა ერთ რამეს ვიტყვი: პროტესტი კვდება! დიახ კვდება: ჩემი, შენი, ჩემიანის, სხვისიანის სიზარმაცის, გადაღლის, იმედგაცრუების, მოუცლელობის და რა თქმა უნდა შიშის გამო. "რეჟიმი ფართხალებს, რეჟიმი კანკალებს" არასერიოზულია. რეჟიმი რეაგირებს და მოქმედებს! რუსთაველის გადაკეტვისთვის დაჭერიდან მოვედით ფბ პოსტისთვის და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასვლა/ამოსვლისთვის დაჭერამდე! სერიოზულად ვამბობ! არ ვხუმრობ! ეგეც იმიტომ ხდება რომ რეჟიმის მსახურების რაოდენობა ხან ჩვენზე დიდია ხან ჩვენნაირია. იმათ ხელშია ძალა. რომ ვიკითხე რატომ არ უშვებთ ხალხს მიწისქვეშადან თქო, ზეკულტურულად მიმითითა ფორმიანმა კაცმა, მიბრძანდით ბატონო ბუკა რუსთაველზე პარლამენტის წინო, ამასობაში კი კოტე აფხაზის ქუჩაზე ჩემი მეგობრების შვილებს იჭერდნენ!
ასე რომ, პროტესტი კვდება: ჩემი, შენი, ჩვენიანის გადაღლის, პასიურობის, "მაინც არაფერი გამოდის", უიმედობის და შიშის გამო! კვირაში ორჯერ ხალხს რუსთაველზე საღამოს 2 საათით გამოსვლა რო არ უნდა (3-5 ათასი კაცი უნდა სულ და რუსთაველს პოლიცია გადაკეტავს იმიტომ, რომ მაგდენივე ფორმიანი გამოვა), არ მჯერა, რომ გაცნობიერებული აქვს, რას ვკარგავთ და რაში ვცხოვრობთ უკვე! დიახ, რუსული რეჟიმი დამყარებულია საქართველოში!
შეგუება ადაპტირება არ არის უცხო საქართველოს თაობებისთვის! უყურებთ ალბათ და ფიქრობთ, რომ როცა იქნება, ხო წავა, სულ ასე ხო არ იქნება, რაცხა იქნება და ა.შ. არ გეგონოთ ვინმეს, რომ ბიძინა სადმე წასვლას აპირებს ან თქვენ რამე სიკეთე გელოდებოდეთ, რომ ის თავის ფულს ვერ იბრუნებს! პირიქით! არსადაც წასვლას არ აპირებს! მის უახლოეს გეგმაში ჯერ პროტესტის მოხრჩობაა და მიდის კიდეც მაგ გეგმის შესრულებისკენ!
"სად არის სანქციებზე" პასუხი აქვთ დასავლელებს, ოღონდ აქ არ დავწერ!
აღარც იმათ აქვთ რეაქცია და აღარც ჩვენ, როცა რეჟიმი გამოდის და იძახის, დიფსტეიტს არ უნდა რომ ჩვენს გუნდებს ვუგულშემატკივროთო! ეგენი კუსტურიცას "პასაჟირები" არიან და ჩვენ?
სიმწარე მალაპარაკებს, უსუსურობა!
მოწოდება ადვილია, თორემ ბევრი ფიქრიც არ უნდა, არის ეროვნული და საერთაშორისო "საუკეთესო პრაქტიკები" - მასობრივი გაფიცვები, დაუმორჩილებლობა, პროტესტი მრავლობით ლოკაციებზე და ა.შ. მაგრამ აღარც ჯენზია ქუჩაში, აღარც ბიზნესია პროტესტში და ამ დროს საუკეთესო ახალგაზრდობაა ციხეში!
არავისთან დებატირებას არ ვაპირებ აქ! არც ტელევიზიებში ამის გაშლას! ტყუილად არ შეწუხდეთ კოლეგებო და მეგობრებო!
რაც პროტესტში ვართ სულ გენიალური ზაირა არსენიშვილის სასწაული "ვაჰ, სოფელო"-დან ქორწილის სცენა მახსენდება. ნარჩევ ნარჩევი ხალხი რომ არის შეკრებილი, მარტო ისეთი თავადიშვილები, სიმღერა და ცეკვა ძალიან მაგრად რომ იციან. ქორწილში მიდის მსჯელობა და კამათი, სწორია თუ არა ქაქუცას ბრძოლა. ვიღაც ამტყუნებს, ვიღაც ამართლებს! ამასობაში თავადური წარმომავლობის ბოლშევიკების მეთაური შემოდის. ქორწილს უყურებს, ტკბება, მაგრამ მექორწილეებს ეუბნება, 15 წუთი გაქვთ დასაშლელადო. აღშფოთდება ეს ნარჩევ ნარჩევი ხალხი, რა უფლებით, როგორ გვიბედავთ, ჩვენ ხომ ლხინის სუფრა გვაქვსო! მე ჩემი გითხარითო, შემოლაგდებიან შარიკოვები და სუყველას (ვინც ქაქუცას ბრძოლას აკრიტიკებდა, მათაც) წაასხამენ. თელავის ცენტრში ჩამოატარებენ და დაიჭერენ. ზოგს გამოიხსნიან, უმრავლესობას კი დაიჭერენ და დახვრეტენ.
ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: უკრაინაში გადაწყდება საქართველოს ბედი! მოახრჩობენ რუსულ ურჩხულს, ამოვისუნთქავთ ჩვენც, ვერა და... კი ხართ ძალიან ბევრი გამზადებული საბჭოთა საქართველოში დაბრუნებისთვის!
შევხვდებით რუსთაველზე დღეს საღამოს!
ბოლომდე!" - წერს ბუკა პეტრიაშვილი.