
ევროპის საფინანსო კომპანიები საქართველოსთან თანამშრომლობისთვის ფაქტობრივად მზად არიან. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 300-მილიონიანი ინვესტირება შესაძლოა, სიგნალი აღმოჩნდეს სხვა ინვესტორებისთვის, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა აღადგინონ. ის ფაქტი, რომ წამყვანი ევროპული ფინანსური ორგანიზაცია არ ერიდება მასშტაბური კაპიტალის შემოტანას ქვეყანაში, ადასტურებს, რომ ინვესტორები რეალურად შეეგუენ არსებულ მოცემულობას, განსაკუთრებით იმ ფონზე. როცა რუსეთ-უკრაინის ომი დასასრულს უახლოვდება და სიტუაცია ნელ-ნელასხვა ფაზაში გადადის.
ცნობილია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გეგმავს, საქართველოს კერძო სექტორს 300 მილიონი ევროთი დაეხმაროს. „იბიარდის“ კავკასიის რეგიონული ხელმძღვანელი, ალკის ვრიენიოს დრაკინისი აცხადებს, რომ მზად არიან, ინვესტიცია საქართველოს სხვადასხვა სექტორში, ბანკებში, ასევე მცირე და საშუალო საწარმოებში განახორციელონ.
სპეციალისტების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ეს არის საქართველოს ისედაც ლეგიტიმური მთავრობის ლეგიტიმაციის პირდაპირი დადასტურება ევროპის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტისგან. ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი მხოლოდ საერთაშორისო მასშტაბის ფინანსური ორგანიზაცია არ არის, დიდწილად, ის ევროპის პოლიტიკასაც განსაზღვრავს. თუმცა სპეციალისტების ნაწილი ევროპის წამყვანი ფინანსური ორგანიზაციის გადაწყვეტილებას განსხვავებულად აფასებს და ამბობს, რომ რეალურად საქართველოსთან თანამშრომლობა არც გაწყვეტილა და ქვეყანამ ევროპულ ინსტიტუტებთან მყარი კავშირის შენარჩუნება შეძლო.
სწორედ ასე ფიქრობს ეკონომისტი ნოდარ კაპანაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოსთან მიმართებით ევრობანკმა ემოციის გარეშე, პრაგმატული ნაბიჯი გადადგა.
,,უცხოური ინვესტიციები არ გაყინულა. დავაკვირდეთ, ყველა იმ ორგანიზაციის პროგნოზები, რომელიც თავის ანგარიშებში ეყრდნობა სტატისტიკას და არა ემოციურ გადაწყვეტილებებს, ყოველთვის პოზიტიურია. ისინი კი, რომლებიც ეყრდნობიან ემოციებს, მუდმივად აპელირებენ თემით, რომ ქვეყანა დაიქცა, რაც სიმართლე არ არის. ,,იბიარდი", მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი გადაწყვეტი;ებებს სტატისტიკიდან გამომდინარე იღებენ. ცხადია, იმ ნაწილისგან განსხვავებით, რომლებსაც რეალობის დანახვა არ სურთ.
მსგავსი ღონისძიებები ყოველთვის არის სიგნალი და სტიმული სხვა ინვესტორებისთვისაც, მაგრამ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ აქამდე ვინმე საქართველოსთან თანამშრომლობას გაურბოდა ან თავს იკავებდა. ასე არ არის. არსებულ მოცემულობაში, მთავრობამ რაც უნდა გააკეთოს არის ის, რომ ინვესტორები მოიზიდოს და ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს კიდეც, ეს უფრო სტაბილურობის ნიშანია.
ვერ ვიტყვი, რომ აქამდე უცხოური კაპიტალის ნაკლებობა იყო. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე გარკვეული ძალები ამის წარმოჩენას ცდილობენ. ერთია ემოცია, მეორე მხარეს კი რეალური ცხოვრებაა, რაც გვიჩვენებს, რომ საშუალო ფენის ხვედრითი წონა იზრდება. ეს არის დიდი მიღწევა. სიღარიბე შემცირებისკენ მიდის, თუმცა ეკონომიკისთვის საშუალო ფენის ზრდა გაცილებით მნიშვნელოვანია", - განაცხადა ნოდარ კაპანაძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას და დასძინა, რომ ევრობანკის ინვესტირება, ძირითადად, საფინანსო სფეროს ან რომელიმე სხვა მსგავს დარგს მოხმარდება და ეს ფული ეკონომიკის რეალურ სექტორში არ გადამისამართდება.
,,ვფიქრობ, ეს ფული, რაც საქართველოსთვის გამოიყო, არანაირად არ წავა რეალური სექტორისკენ, უფრო საფინანსო დარგს მოხმარდება. სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ წარმოებაში ინვესტირება ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. "იბიარდის" გადაწყვეტილება თავისთავად ცუდი არ არის, თუმცა რეალურ ეკონომიკაში ინვესტირება გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, უცხოური დაფინანსების იმედად ქვეყნის ეკონომიკის აღორძინება წარმოუდგენელია", - დასძინა ნოდარ კაპანაძემ.
რაც შეეხება ინვესტორების განწყობას, როგორც ანალიტიკოსმა დავით ჩიხელიძე აღნიშნა, ევრობანკის გადაწყვეტილება ინვესტორების გააქტიურების წინაპირობა ნამდვილად გახდება.
,,ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ქმნის განცდას, რომ ქვეყანაში მეგობრული, პროგნოზირებადი და სამართლებრივად გამართული ბიზნეს გარემოა, რაც ინვესტორებს დამატებით მოტივაციას აძლევს, განიხილონ საქართველო როგორც მიმზიდველი, უსაფრთხო და პერსპექტიული ბაზარი. ცხადია, ,,იბიარდის" მიერ საქართველოში განსახორციელებელი ინვესტიციის შესახებ გაცხადებული საჯარო პოზიცია, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში არსებობს სტაბილური და საიმედო ბიზნეს გარემო.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გადაწყვეტილებას მხოლოდ საფუძვლიანი ანალიზისა და რისკების შეფასების შემდეგ იღებენ. ინვესტორები, როგორც წესი, აკვირდებიან არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, არამედ იმ დიდ ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე ახორციელებენ აქ პროექტებს. სწორედ ამ კონტექსტში, ევრობანკის აქტიური მონაწილეობა პოტენციური ინვესტორებისთვის ერთგვარი დამამშვიდებელი სიგნალია, თუ ასეთი რეპუტაციის ბანკი ინვესტირებს საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ რისკები მართვადია და მინიმიზებული", - განაცხადა დავით ჩიხელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".
მისივე შეფასებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მზადყოფნა საქართველოს კერძო სექტორში აქტიური ინვესტიციების განხორციელებისათვის მიუთითებს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე: ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა და ზრდის პოტენციალი აშკარაა, ხოლო საერთაშორისო ბანკების ინტერესი საქართველოს ბაზარზე ადასტურებს, რომ ქვეყანას აქვს ზრდის საკმარისი რესურსი კერძო სექტორის სტიმულირებისთვის.