რეზონანსი
24.11.2025

ყველაზე მინიმალური რაც ღირსების დასაცავად იმ დღეს შემეძლო გამეკეთებინა, გავაკეთე და უღირსობას გავეცი პასუხი. აღმაშფოთა ირაკლი შვანგირაძის უშფოთველობამ, ეს არის, რის გამოც აქ ვარ, სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ, - ამის შესახებ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალდებულმა, "კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან მისი საქმის გარშემო ვრცლად ისაუბრა.

ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასაც.

„სიმართლე გითხრათ, ვიფიქრე რამდენი შეიძლებოდა მეთქვა, მაგრამ არ მინდა ის შთაბეჭდილება დავტოვო, რომ ჩემი ან ჩემი მეგობრების ან ადვოკატების სიტყვას შეიძლება გავლენა ჰქონდეს იმაზე, ვისაც გადაწყვეტილება გამოაქვს.

რაღაც სათქმელს აუცილებლად ვიტყვი, ამდენი ადამიანი ესწრება.

უნდა გვახსოვდეს, რა საქმესთან დაკავშირებით ვართ აქ, როცა გამიტაცა 30- მა ადამიანმა, ჩემი ნების წინააღმდეგ აღმოვჩნდი ამ შენობაში, არ ვაპირებდი სასამართლო პროცესზე დასწრებას, რომელიც მომდევნო დღეს უნდა გამართულიყო. როცა დავინახე ბატონი შვანგირაძე, არანაირი წუხილი, დაინტერესება არ ჰქონია, რაზეც ვაპელირებდი, რომ 30-მდე ადამიანმა გამიტაცა, სამარშრუტო ტაქსიში შემჩურთეს. მოსამართლე იმის მოსამართლეა, ადამიანობა მაინც გამოსჭვიოდეს მისგან, რაც მასში ვერ დავინახე. ბატონ შვანგირაძეს წყალი პროტესტისთვის შევასხი, არა როგორც შვანგირაძეს, არამედ სისტემას, რომელიც ჩართულია უსამართლობაში. აქ კონტექსტიდან არ უნდა ამოვგლიჯოთ შვანგირაძის მიმართ წყლის შესხმის საკითხი. თუ დიდ სურათში დავინახავთ, მე დავინახე შვანგირაძე, როგორც ერთი რგოლი დანაშაულებრივი ჯაჭვისა. ეს ბატონი განთქმულია უსამართლო გადაწყვეტილებებით. ცივილიზებული სამყარო მას და მის კოლეგებს ასანქცირებს, აღმაშფოთა მისმა უშფოთველობამ, ეს არის, რის გამოც აქ ვარ, სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ. ყველაზე მინიმალური, რაც ღირსების დასაცავად იმ დღეს შემეძლო გამეკეთებინა, გავაკეთე და უღირსობას გავეცი პასუხი. ის არც კი დაკითხულა, ჯერ ხომ დაზარალებულია და შემდეგ მოსამართლე. მისი არ დაკითხვაც ნათელი ლუსტრაციაა, გადაწყვეტილება დიდი ხნის მიღებულია. პროცესებს ვადევნებ თვალს იქიდან, საიდანაც არაა სასიამოვნო ადევნო თვალი.... ვერც ბატონი შვანგირაძე და ვერც სხვა, ვერ გაივლებს თავში აზრად დაჩაგროს მოქალაქე მისი პოლიტიკური მრწამსის გამო”,- განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, მოსამართლე შვანგირაძის მიმართ მისი ქმედება „პროტესტია რეჟიმის მიმართ”,

„ბატონი შვანგირაძის მიმართ განხორციელებული ჩემი ქმედება პროტესტია რეჟიმის მიმართ და ეს არის მინიმალური, რისი გაკეთებაც მაშინ შემეძლო. თუ თქვენც [მოსამართლეს] გჯერათ, რომ შუა თითი ვაჩვენე მათ [პოლიციელებს] და ამიტომ გამიტაცეს, რაზე ვიდავოთ. თუ ეს გჯერათ, ამაზე დავა მშვიდობიანად არ დასრულდება",- განაცხადა მელიამ.

მის საქმეზე მოსამართლე ელენე გოგუაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. თარიღს სასამართლო მხარეებს შეატყობინებს.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა მელია პოლიციამ მიმდინარე წლის 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლე ზვიად შვანგირაძეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.

ნიკა მელია მსჯავრდებულია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე. მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამასთან, 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი- ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა განაჩენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×