
ყულევში საქართველოში პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა შენდება. მან სრული ციკლის გადამმუშავებლის ფუნქცია უნდა შეასრულოს და დასრულების შემდეგ ევრო 5-ის ბენზინი და დიზელი უნდა გამოუშვას. პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონი დოლარია და დაგეგმილია რომ მისი წლიური წარმადობა წელიწადში 2.8 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება იქნება.
გარდა იმისა, როგორც სექტორში აცხადებენ, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ნავთობპროდუქტების ექსპორტს საქართველოში. საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას გარკვეულ კონკურენციას გაუწევს და ფასზეც დადებითად იმოქმედებს.
პროექტის პირველი ფაზა ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს. ქარხანამ სრული ციკლის გადამმუშავებლის ფუნქცია უნდა შეასრულოს და დასრულების შემდეგ ევრო 5-ის ბენზინი და დიზელი უნდა გამოუშვას.
პროექტს "ბლექ სი პეტროლიუმი" ახორციელებს და მისი ყველა ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია. პირველი ფაზის დასრულებისას ქარხანას წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეეძლება, მომავალში კი წარმადობა 4 მლნ ტონამდე გაიზრდება.
ქარხნის დაფინანსებაში საკუთარი წვლილი სახელმწიფოს კუთვნილმა საინვესტიციო ფონდმა "საქართველოს განვითარების ფონდმაც" შეასრულა, რომელმაც კომერციულ ბანკებთან ერთად სინდიცირებული სესხი გამოუშვა. ფონდის თანამონაწილეობამ 5 მილიონი დოლარი, ხოლო კომერციული ბანკების - "ბანკი ქართუს", "ბაზისბანკისა" და "ხალიკბანკის" დაფინანსებამ კი 45 მილიონი დოლარი შეადგინა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვახტანგ იობაშვილის შეფასებით, ქარხნის სრულად ამოქმედება ნავთობპროდუქტების წარმოების მიმართულებით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც მეტი შესაძლებლობები გამოჩნდება, რაც კონკურენციაზე ასევე დადებით გავლენას მოახდენს.
,,ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა ძალიან პერსპექტიულია. ყულევი ამისთვის საუკეთესო არჩევანია. პროექტს ადგილმდებარეობა გამოარჩევს - ზღვა, პორტი, ტერმინალები და ა.შ. მისი გამრთული მუშაობა ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას. თვითონ ქარხნის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან დიდი პერსპექტივის მქონეა. ჩამოყალიბდება თანამედროვე ქარხანა, თავისი საწარმოო ნომენკლატურით - ბენზინი, დიზელი, საავიაციო ნავთი და სხვა. ვერასდროს მიაღწევს სამყარო, რომ სრულად უარი თქვას ნავთობპროდუქტებზე. გაზზე მომუშავე ავტომანქანები შემოვიდა, ელექტრომობილები, თუმცა თხევადი საწვავის პერსპექტივა მაინც დიდია.
გადამამუშავებელი ქარხნის სრული ციკლი ნიშნავს, რომ იწარმოება ნავთობპროდუქტების მრავალი სახეობა, რაზეც მოთხოვნა ყოველთვის იქნება. მთლიანად ნავთობპროდუქტევს ევრავინ ამოიღებს მოხმარებიდან, ალტერნატიული წყაროები რა დონეზეც არ უნდა განვითარდეს. დიდი ინტერესით ველოდებით ამუშავდეს ქარხანა და შიდა ბაზარს სერიოზული ბიძგი მისცეს. ეს იქნება ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი პროდუქცია, ადგილზეც სტაბილურობის გარანტს შექმნის", - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
ყულევში მშენებლობა დაწყებულია, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, მას დიდი ყურადრება და დახმარება სჭირდება ხელისუფლებისგან.
"ვისაც ხელეწიფება, ყველამ უნდა შეუწყოს ხელი, რომ პროექტი არ დაბრკოლდეს. წინა საუკუნეში გვქონდა ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა ბათუმში, როტშილდების მიერ იყო აშენებული. ბაქოდან მოდიოდა მიწისქვეშა მილით ნედლი ნავთობი, ქარხანაში მუშავდებოდა და მილებითვე ბათუმის ნავსადგურში მიდიოდა, აქედან უკვე ტანკერებით გაჰქონდათ ქვეყნიდან.
სამწუხაროდ, წარმოება ვერ განვითარდა, ქარხანას გადაიარაღება უნდოდა და არა ჯართად გაყიდვა. საკუთარი წარმოება გვქონდა და უზარმაზარი მოგება მოჰქონდა ქვეყნისთვის, ჩვენ კი მოვსპეთ და არ შევუწყვეთ ხელი განვითარებას. კარგია, რომ ამ საქმის აღორძინება დაიწყო.
ბენზინის მოხმარება საქართველოში მილიონ ტონამდეა. ამ დროს რეგიონში პოლიტიკური კატაკლიზმებია, დიდია რუსეთზე დამოკიდებულება და დაძაბულობის გამო იმპორტს ყოველთვის ექმნება რისკი. როცა ჩვენ საკუთარ წარმოებას განვავითარებთ, ცხადია, პოლიტიკური პროცესის გავლენაც შემცირდება. მნიშვნელოვანია ხარისხობრივი მონაცემები, თუ როგორ საწვავს გამოვუშვებთ, რაც პირველ რიგში ფასს დააბალანსებს.
მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებთ, მაგრამ მინდა განსაკუთრებულად გავუსვა ხაზი წარმოების პერსპექტივას. ამიტომ მსურს წარმატება ვუსურვო ყველას, ვინც ამ დიდი პროექტის განხორციელებაშია ჩართული", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ვახტანგ იობაშვილმა.
მისივე შეფასებით, ყულევის ქარხანა საქართველოს ენერგოუსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი მსხვილი ინვესტიცია ბევრი არ განხორციელებულა. ეს არის სრული ციკლის პირველი ნავთობგადამმუშავებელი ტიპის საწარმო, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, რეგიონშიც უნიკალურია.
ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. პირველ ფაზაზე დაწყებული რამდენიმე ობიექტის მშენებლობა გაგრძელდება რამდენიმე ეტაპის განმავლობაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები.