
ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი იუწყება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანი აქვს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს, რომ კიევმა რამდენიმე დღეში მიიღოს ამერიკულ-რუსული „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას და ასევე, სხვა მტკივნეულ დათმობებზე წასვლას ითვალისწინებს.
პარასკევს, დილით, ტრამპმა დაადასტურა, რომ მომავალი ხუთშაბათი - მადლიერების დღე აშშ-ში - იქნება „მისაღები“ ვადა ზელენსკისთვის ხელშეკრულების ხელმოსაწერად, ხოლო ევროპელი და უკრაინელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს გეგმა „კაპიტულაციის“ ტოლფასია, წერს The Guardian-ი.
ზელენსკიმ პრეზიდენტის სასახლის წინ, ვიდეო-მიმართვაში თქვა, რომ ქვეყანა დაუძლეველი არჩევანის წინაშე დგას - ან შეინარჩუნოს ეროვნული ღირსება, ან დაკარგოს მნიშვნელოვანი პარტნიორი - აშშ-ის ადმინისტრაციის სახით, რომელიც აშკარად ცდილობს კონფლიქტის დასრულებას მოსკოვის სასტიკი პირობებით.
„ახლა უკრაინაზე ზეწოლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა“, - თქვა მან. მის ვარიანტებს შორის იყო ტრამპის 28-პუნქტიან წინადადებაზე დათანხმება ან „უკიდურესად რთული ზამთარი“, რომლის შედეგადაც რუსეთმა უკვე გაანადგურა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, მილიონობით ადამიანი კი გათბობის და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
გეგმაზე თანხმობა უკრაინას „საკუთარი თავისუფლების, ღირსების და მართლმსაჯულების გარეშე“ დატოვებს, აღნიშნა ზელენსკიმ და დაამატა, რომ ის არასდროს შესწირავს უკრაინის ინტერესებს და არ წავა კონსტიტუციის წინააღმდეგ. „ჩვენ არც მაშინ - 2022 წელს, გვიღალატია უკრაინისთვის და არც ახლა გავაკეთებთ ამას“, - განაცხადა მან.
Fox Radio-სთან საუბრისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ხუთშაბათი „შესაფერისი დროა“ ზელენსკისთვის, რათა მან შეთანხმებას ხელი მოაწეროს. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ტრამპი კონფლიქტის დასასრულებლად „აგრესიული ვადების“ შემუშავებას ცდილობს და კიევზე უპრეცედენტო ზეწოლის მოხდენას აპირებს. ინფორმაციის თანახმად, ტრამპი იმუქრება, რომ თუ უკრაინა შეთანხმებას არ დათანხმდება, ის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს და უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას შეამცირებს.
ევროპელი ლიდერები - ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი, კირ სტარმერი მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს და ზელენსკის სოლიდარობას უცხადებენ. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს კიევის მიმართ მხარდაჭერა. ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს სამართლიანი და უზრუნველყოფდეს უკრაინის ინტერესებს, არ უნდა დაუთმოს ქალაქები ან ტერიტორიები რუსეთს. მათი თქმით, გეგმა „აბსურდულია“. მათ ასევე, ხაზი გაუსვეს ევროპისა და უკრაინის გრძელვადიან ინტერესებს.
ზელენსკიმ მიმართვაში ისიც აღნიშნა, რომ ყოველდღიური გმირობის მიუხედავად, შესაძლოა კომპრომისებზე წასვლა იყოს საჭირო. „ჩვენს ხალხს ნამდვილად სურს ამ ომის დასრულება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძლიერები ვართ, მაგრამ ყველაზე ძლიერი ლითონიც კი შეიძლება გატყდეს. ეს არ დაგავიწყდეთ“, - განაცხადა მან.
გამოცემის ცნობით, უკრაინაში საზოგადოებრივი რეაქცია წარმოდგენილ გეგმაზე უმეტესად უარყოფითი იყო. გეგმას ერთპიროვნულსა და ქვეყნის დამარცხებად მიიჩნევენ. ევროპელი ექსპერტებიც კრიტიკულად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ მისი განხორციელების შემთხვევაში რუსეთი ევროპის მთავარი აგრესორი გახდება.