რეზონანსი
22.11.2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, სარეიტინგო კომპანიის მიერ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ. ანგარიშში, Fitch-ი, 2025 წელს, საქართველოში 7.3%-იან, ხოლო 2026 წელს - 5.3%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის, რაც მნიშვნელოვნად მაღალია „BB“ რეიტინგის ქვეყნების მედიანურ - 3.8%-იან მაჩვენებელთან შედარებით. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტურ მაჩვენებლებზე.

„ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ ჯანსაღია. გაძლიერებულია საგარეო მდგრადობა, კერძოდ, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ფაქტობრივად განახევრებულია, გაზრდილია საერთაშორისო რეზერვების დონე, ხოლო დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირებულია. Fitch - ს ასევე საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინი აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების კუთხით, მათ შორის, მიმოხილვაში აღნიშნულია „იგლ ჰილსის“ მასშტაბური პროექტის განხორციელების შესახებაც. ეს ყოველივე კიდევ ერთხელ მეტყველებს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც ორიენტირებულია ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, მაღალ და განგრძობად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×