
საზღვრის დაკეტვამდე, ბაკურიანში უცხოელების 70%-ს აზერბაიჯანელი ტურისტები შეადგენდნენ - ამის შესახებ სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე რეგიონში მთავარ კონკურენტებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთი და იგივე ტიპის სასტუმროებში ფასები იდენტურია.
„რეგიონში ერთი და იგივე ფასები ჩამოყალიბდა. ჩვენ ვართ კონკურენციაში სომხეთთან და აზერბაიჯანთან, სადაც საშუალო ფასი ერთი და იგივე ტიპის სასტუმროებში იდენტურია, მაგრამ 2016 წელს რომ შევადარო, რომელიც ამოსავალ წერტილად არის სექტორში, ფასები 2.5-ჯერ მაღალი იყო ფასი სომხეთთან შედარებით. მაშინ ჩვენთან და აზერბაიჯანში მარჟა გაცილებით მაღალი იყო, მაგრამ ამ ეტაპზე აზერბაიჯანშიც დაწეულია ფასები“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ტურისტულ ბაზარზე აზერბაიჯანის საზღვრის გახსნა პოზიტიურად აისახება, რადგან დაკეტვამდე, მაგალითად, ბაკურიანის 70%-ს სწორედ აზერბაიჯანელები იკავებდნენ, ხოლო თბილისის სასტუმროებში ტურისტების 7-8% სწორედ აზერბაიჯანელები იყვნენ.
„თანდათან მატულობს შერეული ტურების რიცხვი - საქართველო-სომხეთი, აზერბაიჯანი-საქართველო და როდესაც აზერბაიჯანთან საზღვარი გაიხსნება, დატვირთულობაც გაიზრდება, რადგან დაკეტვამდე თბილისში ტურისტების 7-8%-ს აზერბაიჯანელი ტურისტები შეადგენდნენ, ამიტომ ერთი სული გვაქვს, რომ აზერბაიჯანი გაიხსნას, რადგან საზღვრის დაკეტვამდე, მაგალითად, ბაკურიანში უცხოელების 70%-ს აზერბაიჯანელი ტურისტები შეადგენდნენ“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.
მისივე თქმით, წელს, წინასაახალწლოდ, ყველაზე მეტი ჯავშანი სომხეთიდან არის შემოსული.