
"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ორ ინსტანციაში პროცესი უკვე მოიგო, თუმცა კუთვნილი ფინანსების განკარგვის უფლება მაინც ეზღუდება. ეს კი მმართველი პარტიისთვის ადასტურებს, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემაც სპეცსამსახურების ხელით იმართება.
სინგაპური, ბერმუდა და ახლა უკვე ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლო - სწორედ მესამე, უმაღლესმა ინსტანციამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ჩრდილოვან გავლენებს დაქვემდებარებულ პროცესში მორიგი გამარჯვებაც უშედეგოდ დასრულდება. ბიძინა ივანიშვილს საკუთარ აქტივებზე წვდომის შესაძლებლობა რომ პოლიტიკური მიზეზით არ ექნება, ამას ოპოზიციაშიც აღიარებენ. ხელისუფლების ოპონენტები კონტრარგუმენტებს ვერ ასახელებენ, თუმცა დავას მაინც კომერციულს უწოდებენ.
თუკი ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში საბაბად ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწესებულ სანქციებს ასახელებენ, ვერ ხსნიან, რატომ აქვთ დაყადაღებული თანხები მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის ჯულიუს ბაერში, რომელსაც ადვოკატის განცხადებით, არანაირი კავშირი არ აქვს ამერიკულ შეზღუდვებთან. ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველმა ვრცელი წერილი გუშინ გამოაქვეყნა და განმარტა, რომ დავა თავისი შინაარსით უპრეცედენტოა, რადგან ის პოლიტიკური დევნისთვის ფინანსური ბერკეტების გამოყენების კლასიკურ მაგალითს აჩვენებს.
სამართლებრივი საბაბით პოლიტიკურ შანტაჟს შედეგი ვერც ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ექნება - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში". ამბობენ, რომ პარტიის დამფუძნებელი წლებია არაფორმალური სანქციების ქვეშ იმყოფება, თუმცა ეროვნული ინტერესების დაცვაში პრინციპულ პოზიციას ინარჩუნებს, რაც მათივე თქმით ქვეყანაში სწორედ მშვიდობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას განაპირობებს.
ივანიშვილმა და მისმა ადვოკატებმა საჯარო სივრციდან გაიგეს, რომ "კრედიტ სუისის" წინააღმდეგ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადება 24 ნოემბერს იგეგმება. მხარე შეგუებულია, რომ ფინანსური აქტივების განკარგვის საშუალებას ისევ ამერიკული სანქციების საბაბით არ მისცემენ. განმარტავენ, რომ არაფორმალური მმართველობის პირობებში დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილება მათთვის "დიფ სთეითთან" რეალური ბრძოლის ინდიკატორი იქნება.