
28-პუნქტიან გეგმაში ევროპისთვის სრულიად აშკარა გზავნილია: ეს დასასრულის დასასრულია, - ასე აფასებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ტრამპის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებულ "სამშვიდობო გეგმას."
როგორც ლანდსბერგისი X-ზე წერს, ევროპის უსაფრთხოება ევროპის პასუხისმგებლობაა. ის ასევე ევროპელ ლიდერებს სთხოვს, კონკრეტული გეგმის გარეშე, ხელგაწვდილი არ წავიდნენ ვაშინგტონში "მამიკოსთან".
"28-პუნქტიან გეგმაში ევროპისთვის სრულიად აშკარა გზავნილია: ეს დასასრულის დასასრულია.
ჩვენ არაერთხელ და ცალსახად გვითხრეს, რომ უკრაინის უსაფრთხოება და შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოება, ევროპის პასუხისმგებლობა იქნება. და ახლა ეს ასეა. მთლიანად.
თუ თქვენ ევროპელი ლიდერი ხართ და თქვენს გუნდს სთხოვთ, დაგიჯავშნონ შემდეგი რეისი ვაშინგტონში, რათა მამიკოსთან ისაუბროთ, გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას.
არა გეგმის გარეშე, არა გაწვდილი ხელით, არა ყველა ჩვენგანის დამცირებით ოვალურ კაბინეტში კამერების წინ.
ევროპა ჩვენი კონტინენტია, ჩვენი მომავალი აქ წყდება და არა იქ. ჩვენ ღარიბები არ ვართ, ჩვენ გვაქვს არჩევანი, საბოლოოდ შეგვიძლია გადავწყვიტოთ, დავეხმაროთ უკრაინას ჩვენი უზარმაზარი შესაძლებლობების სრული ძალით, აღვადგინოთ ევროპული ღირსება და დავიცვათ ევროპა.
ან შეგვიძლია გავაგრძელოთ სასწაულის ლოდინი, რომელიც, როგორც უკვე ვიცით, არ მოხდება." - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.