
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმე ეხება 2019 წლის 23 ივნისს, 86 წლის ხანდაზმულის განზრახ მკვლელობის ფაქტს. გამოკვეთილი ახალი გარემოებების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შვილის თანდასწრებით, ბლაგვი საგნის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა დაზარალებულს, რომელიც მიყენებული სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
"დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ გარემოებებში (2019 წლის 23 ივნისს მოქმედი რედაქცია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე დანაშაულის გახსნის თაობაზე ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.
როგორც უწყების განცხადებიდან ირკვევა, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში მოხდა, სადაცა ამავე სოფლის მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ფ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავისა და სახის არეში ბლაგვი საგნით, განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა 1932 წელს დაბადებულ მ.კ.-ს.
სხეულზე მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად მ.კ. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩამდენი პირი გ.ფ. სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.