რეზონანსი
20.11.2025

გახარიას პარტია "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" ფორმატში გამართული შეხვედრას გამოეხმაურა, რომელზეც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჩორჩანა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიად მოიხსენია და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩორჩანის საგუშაგო უნდა მოხსნას, რაც მისი უკანონოდ გახსნის აღიარების ლოგიკური გაგრძელება იქნება.

ბერდია სიჭინავას თქმით, ეს განცხადება პირდაპირ ადასტურებს ცხინვალის რეჟიმის ინტერესს ჩორჩანის მიმართ, რომლის მცოცავი მეთოდით ოკუპირებას გეგმავდნენ 2019 წელს. ამიტომ, სიჭინავას შეფასებით, გახარიას სისხლის სამართლებრივი დევნა ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ინციდენტების პრევენციის ფარგლებში, ამ განცხადებას უკვე ორი წელია ისმენენ, თუმცა საქართველოს სახელმწიფო გადაწყვეტილებას მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. ამ ეტაპზე, კი საგუშაგოს გაუქმების გადაწყვეტილება არ იგეგმება.

"ახლა კი არა, დაახლოებით, ორი წელია ამ მოთხოვნებს ჩვენ ვისმენთ ერგნეთის ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში. აქ ახალი არაფერი არ არის. საქართველოს სახელმწიფო მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც არის მნიშვნელოვანი მისი უსაფრთხოებისთვის. რომელ საგუშაგოს, სად აიღებს ან სად ჩადგამს, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს გადასაწყვეტი, იმ უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, რაც არსებობს ოკუპირებულ რეგიონში თუ მის მიმდებარედ. ამიტომ, ამ ეტაპზე, არანაირი სხვა გადაწყვეტილება, მათ შორის, საგუშაგოსთან დაკავშირებით, რამდენადაც ვიცი არ იგეგმება," - აღნიშნა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×