
“ადამიანი, რომელიც კორუფციაზე საუბრობს და მისი პატრონი გაქცეულია ქვეყნიდან, ადამიანი, რომელმაც მილიონი კვადრატული მეტრი დაუკარგა ჩვენს ქვეყანას, წესით ხმას საერთოდ არ უნდა იღებდეს“- ამ სიტყვებით მიმართა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „გახარია საქართველოსთვის“ წევრ გიორგი შარაშიძეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე.
გორდულაძის პასუხი გიორგი შარაშიძის კითხვას მოჰყვა, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადაცემას ეხებოდა.
გიორგი შარაშიძე მიესალმება აღნიშნულ ცვლილებებს, თუმცა ამბობს, რომ შესაძლებელი იყო ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი დამოუკიდებელი ყოფილიყო და მას გამოძიების ფუნქციაც ჰქონოდა.
„თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომ აუდიტის სამსახურში აღნიშნული საკითხის გადატანა არის სწორიო. ამავდროულად იქვე, ჩვენ მოგვმართეთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროსთვის უნდა მიგეცათ საგამოძიებო ფუნქციებიო და უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელიო. მე მოგიწოდებთ, რომ ჯერ კონსტიტუცია წაიკითხეთ, სანამ რამეს იტყვით და გაიაზრეთ რა გვიწერია ჩვენს მთავარ კანონში იმიტომ, რომ თქვენ პარლამენტის წევრი ბრძანდებით და როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით, თქვენ ვალდებულება გაქვთ, რომ ურყევად დაიცვათ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია. კონსტიტუციას თუ წაიკითხავთ აღმოაჩენთ, რომ არსებობს სამართლებრივი სისტემა და წესრიგი, რომელზეც არის დაყრდნობილი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა. მათ შორის, ისიც, რომ საგამოძიებო ფუნქციების მიცემა კონკრეტული ფორმის არმქონე დაწესებულებისთვის, ეს პირველ რიგში, აკნინებს მაგალითად, საქართველოს პროკურატურას, რომელიც კონსტიტუციითვე გარანტირებულია, რომ არის დამოუკიდებელი და მისი ფუნქცია არის, რომ საგამოძიებო უფლებამოსილებები ჰქონდეს. ამავდროულად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამოძიების ფუნქცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ფინანსურ პოლიციას, და თქვენ, ამბობთ, რომ უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, ფინანსურ პოლიციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გამოვაცალოთ მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციები და უნდა გადავცეთ არაკონსტიტუციურ ორგანოს. ახლა ეს თქვით და ვერ გაექცევით ამ თქვენს ნათქვამს. მათ შორის, როდესაც თქვენ თვითონვე ბრძანეთ, რომ დიახ, დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს უნდა გადაეცეს საკითხი“- მიმართა შარაშიძეს გორდულაძემ.
როგორც არჩილ გორდულაძე აცხადებს, შარაშიძე აბსოლუტურ ტყუილებს ტირაჟირებს და მოუწოდებს, საკითხების უტრირებას თავი დაანებოს და ერთხელ მაინც თქვას სიმართლე.
„რაც შეეხება დანაშაულებს და დანაშაულების ჩადენას. დიახ, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თუ ვინმეს აქვს ჩადენილი დანაშაული კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს, მათ შორის, თქვენი გაქცეული ლიდერიც, რომელიც ახლა წასულია, თვითონაც ვერ გაურკვევია ტრენინგებს ატარებს თუ კვლევებს და ერთი ჩვეულებრივი დაფინანსებული პირი გახდა უცხო ქვეყნის სამსახურში, რომელიც აქამდეც იყო. ყველაფერზე ხელმომწერი და ყველაფრის გამკეთებელი რომ გახდა, მათ შორის, მგონი, ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი არ დაუტოვებია ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ დგამდა. ახლა გამოდიხართ და მესაუბრებით, რომ დიახ, სწორს აკეთებთ, მაგრამ კეთილი უნდა გენებათ და არასწორი ნაბიჯები უნდა გადაგედგათო.
სამწუხაროდ ძალიან ბევრი ისეთი მითითება მივიღეთ, ევროპული ბიუროკრატიისგანაც, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში იყო. მაგალითად, მიშელის შეთანხმება, რომელიც კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას გულისხმობდა მაგრამ დიახ, მოგვიწია ამის გაკეთება თქვენი ლიდერიდან გამომდინარე, თქვენი პოლიტიკური ჯგუფის წევრების გამოისობით, რომლებიც პარლამენტში თითი თითზე არ ადებდნენ, რომ კონკრეტული საკითხი გადაეჭრათ ქვეყნის მოსახლეობისთვის. ჩვენი ქვეყნის ღალატის ხელმომწერები რომ ხართ, კონკრეტულად თქვენც, და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ წერილს წერილზე რომ იწერებით, როგორც შულავერის კომიტეტის წევრებს შეეძლოთ და აკეთებდნენ, იგივეს რომ აკეთებთ ახლაც თქვენ და უბრალოდ პატრონი რომ გყავთ შეცვლილი და ბოლშევიკური წიაღსვლიდან და შეგნებიდან რომ ვერ ხართ გამოსული, ახლა დგახართ აქ და აბსოლუტურ ტყუილებს ტირაჟირებთ. ძალიან კარგად ვიცით, ვინ ბრძანდებით თქვენც, ვინ არის თქვენი პატრონიც, ვინ არის თქვენი გუნდის ლიდერი, რომელიც ახლა სტიპენდიანტი რომ გახდა სალომე ზურაბიშვილივით, პასუხისმგებლობას რომ გაურბის და აქ გულზე მჯიღს რომ იცემდა და ამბობდა, დიახ ყველაფერზე ვარ პასუხისმგებელიო და მერე ისე გაქრა, როგორც თვითმფრინავის კვალი იშლება ხოლმე ცაში, ამ მორალის ადამიანები ხართ თქვენ და გთხოვთ საკითხების უტრირებას თავი დაანებეთ და კეთილი ინებეთ, რომ ერთხელ მაინც თქვათ სიმართლე“- აღნიშნა გორდულაძემ.