რეზონანსი
20.11.2025

"ქართული ოცნების" მიერ, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიასთვის წარდგენილი ბრალდება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის საკმარისი მიზეზი გახდა, რომ კიდევ ერთხელ მოეთხოვათ საგუშაგოს აღება. 

ერგნეთში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი პროცესი ქართული მხარის აღიარებაა, რომ საგუშაგო იქ არ უნდა იდგეს. 

"ამჯერად კიდეც მოვიყვანეთ არგუმენტი, საგუშაგოს განთავსების ინიციატორს, იმ დროს საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და შემდგომში უკვე პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას ამჟამად საქართველოს პროკურატურამ დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა, რადგან თავად საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფება და სავარაუდოდ გერმანიაშია.

იმ ბრალდებებს შორის, რომლებიც ბატონ გახარიას საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან წარდგენილი აქვს, ერთ-ერთია საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის გზით უისტრის დასახლების რაიონში მდგომარეობის დესტაბილიზაციის მოწყობა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ თუ თავად საქართველოს ხელმძღვანელობა აღიარებს ამ საგუშაგოს განთავსების შეცდომას, მაშინ ერთადერთი სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება ამ საგუშაგოს აღება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან," - ამბობს იგორ კოჩიევი. 

ცნობისთვის, 2 დღის წინ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მქანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. 

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ წარმოუდგენელია იმის მტკიცება, რომ (ჩორჩანას) პოსტი ვინმესთვის საფრთხეს წარმოადგენს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე და 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×