
თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. სასტიკად მოკლეს 26 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი. მას გიგა საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენეს.
შემთხვევა პირველ ოქტომბერს მოხდა. მას შემდეგ ახალგაზრდა კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გუშინ მოკლულის დედის უმძიმესი ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის პროკურატურას მიმართავდა და ითხოვდა, რომ დაკავებულებს ბრალდება მკვლელობის მუხლით წარედგინოთ. დღეს საპასუხოდ უწყებამ განცხადება გაავრცელა:
"სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გიგა ავალიანის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით. ალექსანდრე გაბაშვილს წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი რიკაძეს წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აღნიშნეს უწყებაში.
პროკურატურის საპასუხოდ ეკა კუპატაძემ მორიგი წერილი გამოაქვეყნა:
"წუხელ ძალაგამოცლილი გავითიშე, გამთენიისას ძალაგამოცლილმა გავახილე თვალი, ვიფიქრე ყველაფრისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ თვითონ არ მანებებენ თავს! დეტალურად გავშიფრავ თუნდაც მხოლოდ ამ ერთი, უსინდისო, პოსტის აბსურდულობათა სიუხვეს, მაგრამ უპირველესად წაყენებული მუხლის არასწორად წარმოდგენას უნდა გავუსვა ხაზი.
მკვლელ ალექსანდრე გაბაშვილს შეუფარდეს 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას კი არა, 5-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; არასრულწლოვნებს ზედა ზღვარს, ანუ 8 წელს არასდროს უსჯიან და თან აკლდება სასჯელის მეოთხედი. ე.ი. რომც მიუსაჯონ 8 წელი, 8-2=6!!! მაშასადამე, ჩემი შვილის განზრახ მკვლელი გამოვა 6 წელზე ნაკლებ დროში, ყველაზე მაქსიმუმ 5 წელში.
რაც შეეხება გიორგი რიკაძეს, რომელიც ასევე მკვლელია, სასჯელს იმიტომ კი არ იხდის, რომ გიგას მკვლელია, არამედ იმიტომ, რომ "ძმაკაცი არ ჩაასმინა" და მიესაჯა 376-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც ითვალისწინებს 2-დან 6 წლამდე.
აქაც ყურადღებას ამახვილებთ მაქსიმუმზე, ანუ 6 წელზე და იცით, რომ მაქსიმუმს არასრულწლოვანს არ უსჯიან. დიდი ალბათობით (ტირის და ნანობს საფუძვლით), რიკაძეს მისცემენ 2 წელს, რასაც დააკლდება სასჯელის მეოთხედი და 1 წელში და 6 თვეში გამოვა გარეთ!
ახლა სხვა დეტალები! ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ, რომლებმაც დაახლოებით 800 მეტრზე ატარეს ქვა (ეს საფუძველია განზრახ მკვლელობის), გადაიღეს 19 წამიანი ვიდეო, სადაც ჩანს მუჭის დარტყმა სახეში. ამას აღნიშნავს ალექსანდრე გაბაშვილიც თავის ჩვენებაში და ადასტურებს პოლიციის უფროსის მიერ გადაღებულ სურათში, გაწითლებული და შეშუპებული ლოყაც! ამის შემდეგ გათიშეს ვიდეო, ურტყეს წიხლები და ჩაარტყეს ქვა თავში! ეს არის მკვლელობა და არა სხეულის განზრახ დაზიანება თუმცაღა ამ ნაწილში გამოგყევით, რადგან მესიჯობის დროს მიმოწერაში მკვლელობა არ იგეგმებოდაო! ალექსანდრე გაბაშვილი ჩვენებაში წერს, რომ მუჭი დაარტყა მარჯვენა ლოყაში და არა შუბლის არეში.
თქვენ იტყუებით, საჯაროდ აყალბებთ ბრალდებულის ჩვენებას, მუჭის კვალი ჩანს პოლიციის უფროსის მიერ გადაღებულ სურათშიც. სურათი თქვენ ექსპერტიზას მიაწოდეთ დღეს (19.11.2025), როცა უკვე აზრი აღარ აქვს, თან მას შემდეგ, რაც მე ტელევიზიებთან ეს ხმამაღლა გავაჟღერე! გიგა ავალიანის წაქცევის შემდეგ ბრალდებულები კი არ მიიმალნენ, სახეში დამამცირებლად ურტყამდნენ და აგინებდნენ.... საუბარი რომელ კამერაშიც ისმის, იქ მათ გაიარეს 7 წუთის ინტერვალის შემდეგ და რეალურად ჭირდებოდა 4 წუთი (არც კი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მკვლელობის შემდეგ სწრაფი სიარულით, ან სირბილით გავიდოდნენ შემთხვევის ადგილიდან). ასე, რომ 3 წუთიდან თქვენ მხოლოდ 4 წამზე საუბრობთ, 19 წამიან ვიდეოზე არაფერს ამბობთ და რას აკეთებდნენ დანარჩენ, სულ მცირე, 2 წუთს და 40 წამს, ამ კითხვაზე პასუხს პირად საუბარშიც კი თავს არიდებთ!
ტაქსის მძღოლის ორი ჩვენება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან! (რომელიც გაწყობთ იმას შიფრავთ, მეც ჩავუჯდები მაგის დეტალებს.) სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ვერ იქნება სრულყოფილი, რადგან მან მხოლოდ გვამი შეისწავლა და გიგას პირველადი დაზიანებები კლინიკას არაზუსტად აქვს აღწერილი (მოვიცლი მაგათთვისაც). დიაგნოზი მე დავუსვი ჩემს შვილს და მისი დაზიანებებიც მე თუ უნდა აღმეწერა, არ ვიცოდი. თუმცა, როცა ვნახე, რომ არასწორად იყო გიგას სხეულის დაზიანებები აღწერილი, მოვითხოვე ექიმის განმეორებით დაკითხვა, მაგრამ დაკითხეთ დღეს, ჩემი განგაშის შემდეგ ასევე მოვითხოვე, ჩემი და ჩემი ძმის შვილის დაკითხვა დაზიანებებთან დაკავშირებით, და ეჭვი რომ არ გაჩენილიყო ჩვენს აზრთა გაცვლაში, მოვითხოვე პარალელური დაკითხვა! რაზეც მივიღე უარი!
თქვენ, თუნდაც ამ პოსტით, დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებთ არასრულწლოვნებში! თქვენ გიგებს აკვლევინებთ გაბაშვილებს, რიკაძეებს, იმნაძეებს, ნასყიდაშვილებს, ჩიქოვანებს.... და ეს არის სირცხვილი! გიგა ავალიანი მოუკლეს საქართველოს! Giga Avaliani ჩემი შვილი მიწაშია და გლოვის დროსაც არ მაძლევთ!!!" - წერს ეკა კუპატაძე.