
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადების თანახმად, თანამომხსენებლებმა, მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობასთან და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონთან დაკავშირებით. PACE-ს დელეგაციის წევრები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ იმას, რაც ასამბლეამ უკვე განაცხადა საქართველოსთან დაკავშირებულ ბოლო რეზოლუციაში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“, „გრანტების შესახებ კანონი“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მოქმედი კანონი შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან და, როგორც ვენეციის კომისიამ დაასკვნა, ისინი უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნეს თანამომხსენებლებმა.
მათ ასევე გამოთქვეს ღრმა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ ბოლო დროს წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდებების გამო, რომლებსაც შეიძლება, ხანგრძლივი პატიმრობა დაეკისროთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდების საფუძველზე.
„ეს ბრალდებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და უნდა განვიხილოთ საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო დროს შეტანილ სარჩელებთან კავშირში, რომლითაც აკრძალეს რამდენიმე მერის ოპოზიციური პარტია საქართველოში. ასეთ ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ეს ქმედებები, რაც ფაქტობრივად დაამყარებს დიქტატურას საქართველოში“, – აღნიშნეს თანამომხსენებლებმა.
„ვიზიტის დროს თანამომხსენებლები შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს, ასევე ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ მათი მოთხოვნა დაპატიმრებულ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრის შესახებ დაკმაყოფილდა, თუმცა ისინი სინანულს გამოთქვამენ მთავრობის წარმომადგენლების მიერ მათთან შეხვედრაზე უარის თქმის გამო, ასევე იმ ფაქტის გამო, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა მათ მოთხოვნაზე ციხეში შეხვედროდნენ მზია ამაღლობელს. ვიზიტის დროს თანამომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზაობას ასამბლეის მოთხოვნებისა და შეშფოთების განსახილველად“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.