მარიამ ვეკუა
19.11.2025

პოლონეთმა რუსეთს უპრეცედენტო დივერსიის მოწყობაში დასდო ბრალი და გდანსკში მისი ბოლო საკონსულო დახურა. ოფიციალური ვარშავა აცხადებს, რომ უკრაინისკენ მიმავალი რკინიგზის აფეთქება „სახელმწიფო ტერორიზმის" ნაწილია და ამაზე პასუხი მხოლოდ დიპლომატიით არ შემოიფარგლება. მეორეს მხრივ, კრემლი პოლონეთის ხელისუფლებას რუსოფობიაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათი გადაწყვეტილება „საღ აზრს მოკლებულია".

„მე გადავწყვიტე, გავაუქმო თანხმობა გდანსკში რუსეთის საკონსულოს ფუნქციონირებაზე", - განუცხადა ოთხშაბათს ჟურნალისტებს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ და დაამატა, რომ პოლონეთის რკინიგზაზე მომხდარ ინციდენტებზე პასუხი მხოლოდ დიპლომატიური არ იქნება, - „ეს სახელმწიფო ტერორიზმია, რომლის მიზანი მსხვერპლის გამოწვევა იყო".

ამასთან, მისი თქმით, რკინიგზაზე მომხდარ დივერსიასთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს, დაელაპარაკება და 20 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს უახლეს ინფორმაციას მიაწვდის. ის ევროკავშირის სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, შეზღუდონ ბლოკში აკრედიტებული 2 000 რუსი დიპლომატის გადაადგილება, რადგან „მათი თითქმის 40% დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო დავალებებს ასრულებს".

კრემლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ვარშავის გადაწყვეტილება, რომელიც პოლონეთში, რუსეთის ბოლო მოქმედი საკონსულოს დახურვას გულისხმობს, „უბრალოდ დასანანია".

სიკორსკიმ განაცხადა, რომ მან არაერთხელ გააფრთხილა რუსეთი, რომ მისი დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობა კიდევ უფრო შემცირდებოდა, თუ ის პოლონეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს არ შეწყვეტდა.

ეს ნაბიჯი ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ პოლონეთში ერთადერთი რუსული დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც ღია დარჩება, ვარშავაში მდებარე საელჩო იქნება.

„უპრეცედენტო დივერსია"

კვირას,ვარშავა-ლუბლინის მარშრუტზე, სოფელ მიკაში, ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებამ რკინიგზის ლიანდაგები გაანადგურა. 19 ნოემბრის მონაცემებით, ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე პირი უკვე დააკავეს - ამის შესახებ პოლონეთის უშიშროების სამსახურის მინისტრის პრესსპიკერმა, იაცეკ დობრჟინსკიმ განაცხადა.

„პოლონეთის (უსაფრთხოების) სამსახურებს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ. ისინი ხელმძღვანელობის კვალში დგანან, დამნაშავეების კვალში დგანან. ვადასტურებ, რომ მართლაც პირველი დაკავებები ახლა მიმდინარეობს. ჩართული პირები დაკავებულნი არიან შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოსა და პოლიციის მიერ და ამ ეტაპზე მეტ დეტალს ვერ მოგაწვდით", - აღნიშნა იაცეკ დობრჟინსკიმ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მომხდარი „უპრეცედენტო დივერსიის აქტად" შეაფასა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით კი, რომელიც ტუსკს ტელეფონით ესაუბრა, აცხადებს, რომ დივერსანტები „ტელეგრამს" იყენებდნენ.

„პრემიერ-მინისტრმა პოლონეთის რკინიგზაზე მომხდარი დივერსიული აქტების შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისა და დაზვერვის სამსახურებისგან მიღებული დეტალები გამიზიარა. დივერსიის მოსაწყობად და უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის დასაწყებად სოციალური პლატფორმა „ტელეგრამი" იქნა გამოყენებული.

„ჩვენი ინფორმაციაც იგივეა: ყველა ფაქტი მიუთითებს, რომ ამის უკან რუსული კვალია. ამით რუსების გარდა არავინ არის დაინტერესებული. შევთანხმდით, რომ უკრაინულ-პოლონურ ჯგუფს შევქმნით, რომელიც მომავალში რუსული მხარის მიერ მსგავსი სიტუაციების შექმნის თავიდან აცილების მიზნით იმუშავებს", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

რუსების რეაქცია

კრემლმა ბრალდებას უპასუხა და პოლონეთი „რუსოფობიაში" დაადანაშაულა. საკონსულოს დახურვასთან დაკავშირებით კითხვაზე კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთ პოლონეთის ურთიერთობები „სრულად დეგრადირდა".

„ალბათ, ამ დეგრადაციის გამოვლინებაა, პოლონეთის ხელისუფლების სურვილი, ნულამდე შეამციროს საკონსულო ან დიპლომატიური ურთიერთობების ნებისმიერი შესაძლებლობა. აქ მხოლოდ სინანულის გამოხატვა შეიძლება. ეს არანაირად არ არის დაკავშირებული საღ აზრთან", - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს"-მა კი საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას კომენტარიც გაავრცელა:

„საპასუხო ნაბიჯის სახით, რუსული მხარე რუსეთში პოლონეთის დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების რაოდენობას შეამცირებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×