
პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ხაზარაძე და მისი პარტია, მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. საუბარია "იგლ ჰილსის" მრავალმილიარდიან ინვესტიციაზე, რომელსაც "ლელო" აქტიურად აკრიტიკებს და კონტრაქტისთვის კომერციული საიდუმლოს გრიფის მოხსნას ითხოვს. მთავრობის მეთაურმა, ანაკლიის კონსორციუმთან დადებული იდენტური შინაარსის კონტრაქტზე ისაუბრა, რომელიც თავის დროზე სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძის მოთხოვნით გაფორმდა. ირაკლი კობახიძე ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს, რომლის მიზანი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაზიანებაა.
ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის კონტრაქტის დადების საერთაშორისო პრაქტიკაზე ისაუბრა "ღამის კურიერში" ეკონომიკის მინისტრმა. მარიამ ქვრივიშვილმა განმარტა, რომ "იგლ ჰილსის" ინვესტიცია, საქართველოში 24 ათას სამუშაო ადგილს, მშენებლობის პროცესში შექმნის. აშენდება ორი ევროპული ტიპის ურბანული სივრცე, სახელმწიფო ბიუჯეტი კი შემოსავლის სახით ყოველწლიურად 700 მილიონ ლარს მიიღებს.
ანაკლიის შემთხვევაში, კონტრაქტისთვის კომერციული საიდუმლოების მინიჭებას პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობით ხსნიან ხაზარაძის თანაგუნდელები. თუმცა, "ლელოში" არ განმარტავენ, რატომ შეიძლება იყოს პრობლემა გრიფი იმ პროექტის ხელშეკრულებაზე, რომელიც მათივე თქმით, პორტზე გაცილებით უმნიშვნელოა. "ლელოს" პოზიციას იზიარებენ "ნაცმოძრაობაშიც".
სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციისა და მათი ლობისტების რიტორიკა უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიციასთან მიმართებით ანტისახელმწიფოებრივია. საპარლამენტო უმრავლესობაში "იგლ ჰილსის" პროექტს, ქართული ეკონომიკის სტიმულირების ახალ შესაძლებლობად მიიჩნევენ, ამბობენ, რომ მილიარდობით ლარი ქვეყნის ბიუჯეტთან ერთად, სახელმწიფოს სუვერენიტეტსაც გააძლიერებს.
6.6 მილიარდის დეველოპერული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, "იგლ ჰილსთან" შეთანხმება მიმდინარე წელს გაფორმდა. კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს, მშენებლობას თბილისსა და ბათუმში რამდენიმე თვეში დაიწყებს.