მარიამ ვეკუა
18.11.2025

1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის წლისთავზე ჩეხეთსა და სლოვაკეთში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, ისინი, როგორც თავად ამტკიცებენ, დემოკრატიული უკუსვლას და ლიდერების პრორუსულ კურსს აპროტესტებენ, რეგიონში კი იზრდება შიში, რომ ორივე ქვეყანა დასავლური რელსებიდან გადავა.

ორშაბათს, ათასობით ჩეხმა და სლოვაკმა 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის წლისთავი აღნიშნა, დღე, რომელმაც ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური მმართველობა დაასრულა. მასშტაბური საპროტესტო აქციების გზავნილი კი იყო, რომ დემოკრატიული ღირებულებები კვლავ საფრთხის ქვეშაა.

ჩეხოსლოვაკია 1993 წელს მშვიდობიანად გაიყო და ორივე ქვეყანამ მეგობრული ურთიერთობები შეინარჩუნა, თუმცა ლიბერალული ფლანგი შიშობს, რომ ორივე ქვეყნის პროდასავლური, დემოკრატიული პერსპექტივა საფრთხის ქვეშაა.

სლოვაკეთში ათასობით ადამიანი დედაქალაქ ბრატისლავასა და სხვა ქალაქებში ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო ჯგუფების მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე შეიკრიბა, რომლებიც პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

ფიცომ, რომელიც პრემიერის თანამდებობას მეოთხე ვადით იკავებს, უკრაინის ომში ანტიუკრაინული პოზიცია დაიკავა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არაერთხელ შეხვდა. მან გააუქმა კორუფციისა და სერიოზული დანაშაულების გამოძიების სპეციალური ოფისი, გაზარდა სახელმწიფო კონტროლი საზოგადოებრივ მედიაზე და აქტივისტები გადატრიალების დაგეგმვაში დაადანაშაულა.

ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი შეიძლება დაიშალოს და სლოვაკეთი ასეთი სცენარისთვის მზად უნდა იყოს. კრიტიკა გამოიწვია იმ საკითხმაც, რომ მან ევროკავშირიდან გასვლის შესაძლებლობა საჯარო დებატებში შეიტანა.

„ფიცო თავს ესხმის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, კულტურას, მედიას... ზუსტად ისე, როგორც კომუნისტები აკეთებდნენ, ის დემოკრატიული სამყაროს გვაშორებს", - უთხრა ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, იაროსლავ ნადმა შეკრებილ საზოგადოებას.

ფიცომ მოგვიანებით თქვა, რომ ის დემოკრატიულ ღირებულებებსა და ეროვნულ სუვერენიტეტს იცავს და მისი ქვეყნის ერთგულია.

ევროკავშირისა და ნატოს მოწინააღმდეგე პარტიები შესაძლოა ჩეხეთის შემდეგ მთავრობას შეუერთდნენ

პარალელურად ჩეხეთის 3-4 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში მილიარდერი ბიზნესმენისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის პოპულისტურმა პარტიამ „ანო" გაიმარჯვა, რომელიც მთავრობის ფორმირებას მოკავშირეებთან ერთად ისევ ცდილობს. (მათ შორის ევროკავშირისა და ნატოს მოწინააღმდეგე ულტრამემარჯვენე პარტიებთან.)

ხავერდოვანი რევოლუცია ჩეხეთის რესპუბლიკაში ყველაზე პოპულარული ეროვნული პოლიტიკური დღესასწაულია, ამ დროს იმართება ქუჩის კონცერტები, გამოფენები და პრაღის მთავარ გამზირზე სანთლების ანთებით პატივს მიაგებენ დემონსტრატებს, რომლებსაც პოლიცია 1989 წელს მშვიდობიანი მიტინგის დროს გაუსწორდა.

წელს ათასობით ადამიანი შეიკრიბა პრაღის ძველი ქალაქის მოედანზე, ჩეხეთის, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით, რათა ბაბიშის გამარჯვება კიდევ ერთხელ გაეპროტესტებინათ.

მომიტინგეებმა ასევე გააკრიტიკეს უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტის წინადადებები.

„სავარაუდოდ ჩამოყალიბებულ მთავრობას სურს ჩვენი კავშირების შესუსტება ცივილიზებულ სამყაროსთან, დასავლეთ ევროპასთან და ევროკავშირთან", - განაცხადა ერთ-ერთმა დემონსტრატმა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ბაბიში, რომელმაც მემარჯვენე პარტიებთან კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ შეთანხმება უკვე გააფორმა, „ევროკავშირთან ჩეხეთის კავშირებს შეამცირებს".

ბაბიშმა განაცხადა, რომ პრემიერად დანიშვნის შემდეგ ინტერესთა კონფლიქტის ნებისმიერ საკითხს მოაგვარებდა, მაგრამ არ უთქვამს, როგორ. ამან კი პრეზიდენტ პეტრ პაველთან კონფლიქტიც გამოიწვია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×