
პატიმრობა არც ადვილი და მარტივია, მაგრამ არც საშიშია. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ - ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა, - ამის შესახებ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
მისივე განცხადებით, დღეს ღირსება გადის კონსტიტუციის დაცვაზე.
„დამატება ჩემგან სამართლებრივ ნაწილში არ არის. სათქმელი არაფერია გარდა იმისა, რომ მადლიერება გამივხატო ამ ღირსეული დაცვისთვის…
ხმა, რომელიც ძალიან მაძლიერებს. ვფიქრობ, რომ ჩემს გარდა ეს ბევრი ადამინისთვის იქნება ბრძოლის მაგალითი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის…
არ ვიცი, როდის გამოიტანთ განაჩენს და რამდენად სამართლიანი იქნება - რამდენად ჩამტოვებთ სილის გაწვნისთვია სისხლის სამართალში…
არ ვსაუბრობ სასჯელზე, რადგან იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს…
ჩავთვალოთ, რომ სასამართლომ გამიშვას სახლში, მაგრამ იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს, შეიძლება მომაბრუნონ გზიდან…
იმდენად რეპრესიული კანონები გვაქვს, რომ პირბადის გამო შეიძლება დაგაკავონ…
არ დავსვათ კითხვა რატომ. რეჟიმს რაც დასჭირდება, იმას მოიგონებს.
არ უნდა დავკარგოთ რწმენა - რეჟიმი არაერთხელ დაგვაპატიმრებს იმიტომ, რომ შეურაცხყოფილები ვიყოთ.
პატიმრობა არც ადვილი და მარტივია, მაგრამ არც საშიშია. მე პატიმრობა კი არ მაშინებს, არამედ ის, რა დამხვდება გარეთ - ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუ ტანკების გარეშე დაპყრობილი ქვეყანა.
მგონია, რომ სამშობლოს სიყვარული და ღირსების შეგრძნება ისეთია, თანდაყოლილია. დღეს ღირსება გადის კონსტიტუციის დაცვაზე.
მოგიწოდებთ, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის.
ბრძოლა ბოლომდე!” - განაცხადა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე.
მზია ამაღლობელის აღნიშნულ განცხადებას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა გრძელდება. სხდომას ესწრება მზია ამაღლობელიც.
მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ. პროკურატურა კი მზია ამაღლობელისათვის ბრალისა და სასჯელის დამძიმებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, 6 აგვისტოს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.