
„ფეიკ“ ნიუსის გაკეთებასაც ალბათ რაღაც ცოდნა და გამოცდილება უნდა და ინტელექტიც უნდა დააყოლო, - ასე გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „ნაცმოძრაობის“ მორიგ ტყუილს. მისი თქმით, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის ძალიან მარტივია, რომ ინტერნეტში მოძებნოს როდის იღებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციებს.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციებს იღებს მხოლოდ ზაფხულის სესიებზე. შესაბამისად, ახლა, ნოემბერში არანაირი რეზოლუცია არც მიუღია და დღევანდელი დღის ბოლომდე, როდესაც დამთავრდება შემოდგომის სესია, არც არანაირ რეზოლუციას არ მიიღებენ. როგორც IPP-ს, ასევე სოციალისტებს, ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ჯგუფს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში არ გააჩნია არანაირი ფორმალური სტატუსი. ეს ჯგუფები არ არის გამყარებული ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რაიმე დოკუმენტით. ეს არის უბრალოდ თანამოაზრეთა ჯგუფი, რომელიც შეიძლება შეიკრიბოს და ნებისმიერ საკითხზე იმსჯელოს. „ფეიკ“ ნიუსის გაკეთებასაც ალბათ რაღაც ცოდნა და გამოცდილება უნდა და ინტელექტიც უნდა დააყოლო, რადგან ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის ძალიან მარტივია, რომ ინტერნეტში მოძებნოს როდის იღებს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციებს. მე უბრალოდ ვერ ვხვდები ამის [არასწორი ინფორმაციის გავრცელების] აზრი რა არის და რა მიზანი აქვს ამას, რომ ასეთი მდარე ხარისხის დეზინფორმაცია გაავრცელონ“, - აღნიშნა სამხარაძემ.
თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი ამტკიცებდნენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მიმართ კრიტიკული შინაარსის არის. „ნაცმოძრაობის“ ტყუილი მალევე გამჟღავნდა.
„მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არც სხდომაზე გაჟღერებულა და არც ეუთოს ოფიციალურ გვერდებზე მოიძებნება!“, - წერს სოციალურ ქსელში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობს.
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 23-ე შემოდგომის სესიაში მონაწილეობს, რომელიც 17-19 ნოემბერს, სტამბულში ტარდება. დელეგაციის შემადგენლობაშია აგრეთვე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე.