
დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ არაფერი სჯობს ტელევიზორის წინ მოკალათებას და საყვარელი ფილმის, სერიალის ან სპორტული თამაშის ყურებას. ეს განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო საშუალებაა. იმისთვის, რომ სავარძელზე მოხერხებულად მოთავსდე და მოდუნება შეძლო, აუცილებელია, მისაღებ ოთახში კომფორტული კუთხე მოიწყო. გაეცანი რჩევებს, რა უნდა გაითვალისწინო და რა ნივთები უნდა შეიძინო, რათა ბინაში შენთვის მყუდრო სივრცე შეიქმნა.
როგორ განვალაგოთ ავეჯი სიმეტრიულად
ოთახის მოწყობისას დიდი მნიშვნელობა აქვს ავეჯის განლაგებას. სივრცე ზედმეტად არ უნდა გადავტვორთოთ და ამავდროულად, ფუქნქციურად მაქსიმალურად ჩვენზე უნდა იყოს მორგებული. არ უნდა გვიწევდეს ბევრი მოძრაობა. სასურველია, თუ ნებისმიერი კუთხე მარტივად მისადგომი იქნება.
იდეალურ ვარიანტში, ტელევიზორი ისეთ ადგილას უნდა მოათავსო, სადაც მზე არ უდგება. ამ შემთხვევაში, ეკრანი გარედან შემოსულ სინათლეს არ აირეკლავს და გამოსახულების აღქმა არ გაგიჭირდება. ასევე გასათვალისწინებელია დაშორება სავარძელსა და ტელევიზორს შორის. თუ ტელევიზორის მაგიდას სავარძელთან ძალიან ახლოს დადგამ, ეკრანის ყურებისას თვალები მარტივად დაგეღლება და შეიძლება გეტკინოს კიდეც. ეს მხედველობისთვის საზიანოა, ამიტომ ეცადე, საკმარისი დისტანცია შეინარჩუნო. სასურველია, ტელევიზორი ზუსტად შენი თვალების გასწვრივ იყოს მოთავსებული.
რომელია ყველაზე კომფორტული სავარძელი
სავარძლების სხვადასხვა მოდელი არსებობს. თითოეულ მათგანს თავისი უპირატესობა აქვს. ზოგი ვიზუალით გამოირჩევა, ზოგი ფუნქციური მახასიათებლებით, ზოგი ეკოლოგიურად სუფთა მასალებით არის დამზადებული, ზოგიც განსაკუთრებით კომფორტულია. თუ მოსახერხებელ და ხარისხიან ვარიანტს ეძებ და შენთვის მთავარი პრიორიტეტი კომფორტია, მაშინ აუცილებლად უნდა დაფიქრდე, შეიძინო სავარძელი მექანიზმით. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა, დასაჯდომი შენი სურვილის მიხედვით დაარეგულირო. შეგიძლია, საღამოს ტელევიზორის წინ წამოწვე და მშვიდად უყურო შენს საყვარელ ფილმს ან სპორტულ გადაცემას.
როგორ შევქმნათ განათების დახმარებით სიმყუდროვე
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ოთახში განწყობას, განათებაა. იმის მიხედვით, რა ტონალობისა და სიმძლავრის განათებას შეარჩევ, ოთახი სხვადასხვა ხასიათს შეიძენს. სიმყუდროვისთვის შეგიძლია, დამატებითი სანათები დადგა, ნათურებით მორთო კედელი ან სურნელოვანი სანთლები დააწყო. ეს ყველაფერი საღამოს თბილ ფერებში გაანათებს ოთახს, დაგამშვიდებს და ძილისთვის მოგამზადებს.
მისაღები ოთახის დამატებითი შტრიხები
იმისთვის, რომ ოთახი შენთვის კომფორტულ სივრცედ აქციო, მნიშვნელოვანია, მასში პერსონალური შტრიხები შეიტანო. მაგალითად, ფოტოები, საყვარელი წიგნები, პოსტერები და ა.შ. ამის კარგი საშუალებაა რბილი დეკორატიული ბალიშები, ხალიჩები და სხვადასხვა ტიპის ტექსტილი. ამგვარ დანამატებს ინტერიერში ხალისი შემოაქვს.
შეჯამება
სახლი არის ადგილი, სადაც თავი ყველაზე უსაფრთხოდ და კომფორტულად უნდა იგრძნო. საღამოობით, სამსახურიდან დაბრუნებულს აუცილებლად გჭირდება კუთხე, სადაც უშფოთველად მოკალათდები, ცხელ ჩაის დაისხამ და ბედნიერად უყურებ შენთვის საყვარელ სერიალს. თუ ინტერიერის მოწყობას სათანადო ყურადღებას დაუთმობ, არასდროს ინანებ. ეს ძალისხმევა აუცილებლად დაგიფასდება. ასე რომ, იზრუნე საკუთარ თავზე და შეიქმენი შენთვის კომფორტული სივრცე.