
აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი 4 ოქტომბერს მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა აქციას მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში, ეს არის მათი სახე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათ სცადეს ხელისუფლების დამხობა, შესაბამისი ანონსით გავიდნენ აქციაზე, ჩავარდა და შემდეგ გაემიჯნენ.
„გახსოვთ, როგორი აჟიტირებული იყო ეს ხალხი, როდესაც შეიკრიბნენ თავისუფლების მოედანზე, დაახლოებით 8 ათასი კაცი იყო შეკრებილი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, კონკრეტული პარტიები იყვნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ დამხობის აქციაში, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს დამხობის აქციას. როგორც კი ჩავარდა ეს აქცია, მაშინვე ყველა გაემიჯნა, არავის არ უნდოდა ორგანიზატორების ბედის გაზიარება. ფაქტი ფაქტად დარჩა, აჟიტირებული ადამიანები, მათ შორის ერთ-ერთი იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტის სასახლის შორიახლოს ტრიალებდა რუსთაველის გამზირზე, ელოდებოდა საკუთარ ბედის გაღიმებას და ბოლოს დარჩა გაწბილებული. ამ გაწბილების შემდეგ გაემიჯნა ამ აქციას. ყველამ დაინახა, რაც ხდებოდა. აჟიტირებული 8 ათასი ადამიანი მივიდა თავისუფლების მოედანზე და ამ 8 ათასი ადამიანიდან შემდეგ 7 994 გაემიჯნა იმ აქციას, მას შემდეგ, რაც 6 ადამიანი მოხვდა საკანში. ეს არის მათი სახე. ესეც კი არ იციან, რომ როდესაც ვიღაცას მიჰყვები დამხობის აქციაზე, ბოლომდე მაინც გაჰყვე. აბსოლუტურად ამორალური ადამიანები არიან. როგორ შეიძლება, სალომე ზურაბიშვილს მორალზე ელაპარაკო. ყველამ ძალიან კარგად იცის მისი პოლიტიკური წარსულის და აწმყოს შესახებ. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. მათ სცადეს, ხელისუფლების დამხობა შესაბამისი ანონსით გავიდნენ აქციაზე, ჩავარდა და შემდეგ გაემიჯნენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისივე თქმით, მოაზრებული ჰქონდათ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა როგორც პირველი გამარჯვება და მერე ჰქონდათ სისტემის ჩამოშლის იმედი, ესეც აბსურდია და ვერ მიაღწევდნენ, თუმცა ასეთი გეგმა იყო.
„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა უნდა ყოფილიყო პირველი გამარჯვება და ამას უნდა მოჰყოლოდა შემდეგ სხვა ადმინისტრაციული შენობების აღება. ჩვენ ვიყავით სრულად მობილიზებული და სახელმწიფო არის ძალიან ძლიერი, შესაბამისად, იმთავითვე განწირული იყო ეს გეგმა. ფაქტია, რომ 8 ათასი აჟიტირებული ადამიანი მონაწილეობდა ამ გეგმის აღსრულებაში, შესაბამისად, ყველამ კარგად დაინახა ყველაფერი, როგორია ოპოზიცის სახე, როგორია სახელმწიფოს პოზიციები. სახელმწიფო არის ძლიერი და ოპოზიცია არის არა მარტო სუსტი, არამედ სრულიად არაკეთილსინდისიერიც. ამის გამოხატულება იყო ის პროცესები, რომლებიც შემდეგ გაგრძელდა. დღეს ხედავთ, რომ 150 უცხოელი აგენტის გარდა, რეალურად არავინ აქტიურობს ქუჩაში და მათი აქტიურობაც არის რადიკალურად დასუსტებული. ასე გაგრძელდება ეს პროცესები, ვერავინ მისცემს 150 უცხოელ აგენტს სამი მილიონ 900 ათას ადამიანზე ძალადობის საშუალებას. ეს არ ის ჩვენი პასუხისმგებლობა და ბუნებრივია, ბოლომდე გავიტანთ ამას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.