
ჩვენ ვხედავთ, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის უვიზო მიმოსვლა, საქართველოსთან მიმართებაში ხშირად გამოიყენება შანტაჟის ინსტრუმენტად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იქნება ბრიუსელისთვის.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის უვიზო მიმოსვლა, საქართველოსთან მიმართებაში ხშირად გამოიყენება შანტაჟის ინსტრუმენტად. რამდენად გამოიყენებს ბრიუსელი ამას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად, ეს რა თქმა უნდა, ბრიუსელის საქმეა. იმედი მაქვს, რომ ის განხილვები, რაც მიმდინარეობს ბრიუსელში, არ იქნება გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაუმსახურებლად", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა განცხადებას, რომ „ქართული ოცნება" ახალ „საარჩევნო კოდექსზე" მუშაობს და ერთ-ერთი ცვლილებებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.
მისი თქმით, ეს ინიციატივა მიმართულია დემოკრატიული არჩევნების დასაცავად, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და უცხოური გავლენებისგან დაცვისთვის.
„რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებს, აქვთ და ექნებათ უფლება, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, არანაირად არ იზღუდება მოქალაქეთა საარჩევნო უფლება. თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უცხოურ გავლენებზე, როდესაც ვსაუბრობთ გააზრებულ გადაწყვეტილებაზე, რთულია ამ დიდ დეზინფორმაციულ კამპანიებში სრულად გყავდეს საზღვარგარეთ შენი მოქალაქეები ინფორმირებული, თუ რასთან გვაქვს საქმე და რას ეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება.
არავინ იზღუდება ამ ინიციატივით. საქართველოს ყველა მოქალაქეს, ისევე როგორც ადგილობრივ არჩევნებზე, შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ხმა მისცენ სასურველ საარჩევნო სუბიექტს, და ხმის მიცემის პროცედურა განახორციელონ საქართველოში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა არის საერთაშორისოდ გავრცელებული პრაქტიკა და მისი მიზანი ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოებაა.
„ასეთი წესები არსებობს ბევრგან. ბევრი დემოკრატიული ქვეყანა იყენებს ამგვარ მიდგომას. რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში გამომდინარეობს ქვეყნის და მისი უსაფრთხოების საჭიროებებიდან, მათ შორის დემოკრატიის დაცვის საჭიროებებიდან", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.