
მმართველი პარტია, დასავლეთისათვის მიუღებელი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ, უკვე იმ სახელმწიფო ინსტიტუტების გაუქმებას იწყებს, რომელთა შექმნაც, მათივე შეფასებით, თავის დროზე სწორედ დასავლეთიდან „მოახვიეს თავს" საქართველოს ხელისუფლებას. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია როგორ აისახება ეს იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებზე, რომლებიც „გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონის მოქმედების ქვეშ მოექცნენ. ამ მიმართულებას აქამდე ანტიკორუფციული ბიურო კურირებდა, რომელსაც რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ცნობით, უქმდება ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა.
„ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. ინიციატივის შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
„იგივე მოდელით, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. მისი ფუნქციები ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს.
„ამ ბლოკის მესამე ინიციატივა ეხება ბიზნესომბუდსმენს, რომელიც ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რაც ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს", - განაცხადა პაპუაშვილმა ორშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს-ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ რაჟდენ კუპრაშვილი „მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ინტერესს ემსახურებოდა".
„ქართული ოცნების" პირობებში, იმდენად მარგინალიზდა უმნიშვნელოვანესი ორგანო, ანტიკორუფციული ბიურო, რომ მისი გაუქმება გარდაუვალი გახდა. რაჟდენ კუპრაშვილს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ინტერესს ემსახურებოდა, ამ წლების განმავლობაში არ გამოუძიებია საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუფციული ხელისუფლების არც ერთი მნიშვნელოვანი კორუფციული სქემა და საქმე.
„ეს არის „კარმუშკა" პარტიული მუშაკებისთვის, რომელიც ემსახურებოდა ივანიშვილის ინტერესს. მისი გაუქმება, გადანაცვლება აუდიტის სამსახურში და ა.შ. - ეს არის წყალი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე კორუფციული ხელისუფლებაა, არალეგიტიმური მთავრობა, რომელიც ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომ, მომდევნო ხელისუფალი, მომდევნო კოალიციური მმართველობა ვალდებული უნდა იყოს, რომ შექმნას რეალური, ქმედითი ანტიკორუფციული ბიურო. ბიურო, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, რომელიც გამოიძიებს განსაკუთრებით, წარსულში ჩადენილ კორუფციულ საქმეებს. საქმეებს, რომლებსაც ივანიშვილის ხელისუფლება ყოველდღიურად ჩადის", - განაცხადა კუპრაძემ.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება რეალურად არაფერს შეცვლის.
„ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებით ამ ხელისუფლების პირობებში არაფერი შეიცვლება, რადგან მას კანონით დაკისრებული ჰქონდა კორუფციის გამოვლინება, რასაც არ აკეთებდა. შესაბამისად, იქნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ზოგადად, წესიერი ხელისუფლების პირობებში, ანტიკორუფციული ბიუროს მსგავსი ინსტიტუტი საჭიროა, ოღონდ ის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, მთავრობას არ უნდა ექვემდებარებოდეს და უნდა აკეთოს ის საქმე, რასაც ჰქვია კორუფციული ქმედებების პრევენცია", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბარში იმაზე აკეთებს აქცენტს, რომ ანტიკორუფციული ბიურო უშუალოდ პრემიერს ექვემდებარებოდა, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახური კი, რომელიც ბიუროს ფუნციებს შეითავსებს, პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული, რაც მისი დამოუკიდებლობის ხარისხს ზრდის.
„არ მგონია ამის გაუქმებით ქვეყანაში ბევრი რამე შეიცვალოს, რადგან რამდენადაც მე ვიცი, ანტიკორუფციული ბიურო პრემიერს ემორჩილებოდა. ახლა ეს ფუნქცია სახელმწიფო აუდიტის ხელში გადადის, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წინაშე. ოპონენტების კრიტიკის თემა კი ყოველთვის ის იყო, რომ ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი არ არის, სახელმწიფოს ემორჩილება და ა.შ.
„ვერ გეტყვით „ოცნების" წარმომადგენლები ამაში რა მესიჯს დებენ, მაგრამ იმ მოცემულობიდან გამოვდივარ, რომ ანტიკორუფციული ბიურო, როგორც ინსტუტუცია კი შექმნეს, მაგრამ ის მთავრობას იყო დაქვემდებარებული. დასავლეთის შეფასებებში არაერთხელ მინახავს - იმის გამო, რომ ბიურო მთავრობის დაქვემდებარებაში იყო, ჰქონდა რისკები, რომ პოლიტიკური ზეგავლენის ობიექტი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, თუკი დასავლეთთან იქნება შესაბამისი ახსნა-განმარტებითი სამუშაო ჩატარებული და აუხსნიან, რომ ამით ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფქტურობა არანაირად არ მცირდება და პირიქით, აუდიტის სამსახურის ქვეშ, უფრო დამოუკიდებელი იქნება, წესით უნდა გაიგონ. მათგან და მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდიოდა კრიტიკა, რომ ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი არ იყო. ეს არის სწორედ ამოსავალი წერტილი", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".