
უკრაინულმა მხარემ მართალია არაოფიციალურად, თუმცა მაინც გააჟერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გადაცემის თხოვნით მიმართავს. ამაზე „ქართული ოცნების" წინასწარი პასუხი მკვეთრად უარყოფითია. ექსპერტებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვება ამ ეტაპზე გამორიცხულია. მათიუ ნაწილის აზრით კი, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი „ოცნებამ" შეიძლება დასავლეთთან სავაჭროდ გამოიყენოს.
მიხეილ სააკაშილი, რომელიც რამდენიმე წელია კლინიკა „ვივამედში" იმყოფებოდა, ერთი კვირის წინ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.
16 ნოემბერს კი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ სააკაშვილის საქართველოდან გადაყვანის საკითხი უკრაინის დღის წესრიგის ნაწილია.
„უკრაინა აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. პრეზიდენტ ზელენსკის არაერთხელ გამოუთქვამს თავისი პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგან მას მივიჩნევთ უკრაინის სრულუფლებიან მოქალაქედ და, ამასთან, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ის საქართველოს გულია. ევროპელ თუ ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვაკეთებთ მიმართვებს, იქნება ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო თუ პრეზიდენტის ოფისი. კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, მოგვცენ საშუალება, სააკაშვილი თუ უკრაინაში არა, სხვა ქვეყანაში მაინც გადავიყვანოთ სამედიცინო მიზნებით. სხვა იურიდიული ფორმა თუ გამოჩნდება, უკრაინის პრეზიდენტი ამ ფორმულებით ისარგებლებს. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, უპირობოდ, ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია", - განაცხადა პოდოლიაკმა.
ამას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ზელენსკის ხელისუფლება ქართველი ხალხის მიმართ „უმადურობით გამოირჩევა".
„საერთო ჯამში, ჩვენ ვხედავთ იმ არამეგობრულ დამოკიდებულებას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მიმართ გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დიდი უმადურობა. უკრაინის ხელისუფლებამ ერთ-ერთი ქვეყნის კაბინეტში უკვე მიიღო შენიშვნა მადლიერებასთან დაკავშირებით, რომ როდესაც მას გვერდში უდგანან, იმ ხელისუფლებების მიმართ მადლიერება უნდა გამოხატონ და არ გამოიჩინონ უმადურობა. სამწუხაროდ, ზელენსკის ხელისუფლება ქართველი ხალხის მიმართ გამოირჩევა უმადურობით. იმ მხარდაჭერას, რომელიც ქართველი ხალხისგან არსებობს უკრაინის მიმართ, ასეთი პასუხი, რომ აქ ჯერ სააკაშვილი შემოგვიპარეს და შემდეგ მათ შორის, პოდოლიაკის განცხადებებით ცდილობდნენ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევეყვანეთ, უკრაინიდან გვითვლიდნენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებში „გაგვესეირნა" და ა.შ. ასე ეპყრობიან ქართველ ხალხს.
„აქ პრობლემა კონკრეტულად ამ ადამიანში კი არ არის, აქ პრობლემაა იმ მეხუთე კოლონაში, რომელიც საქართველოში უცხო ქვეყნის დროშების ფრიალით არის დაკავებული და გახსოვთ, მათთვის, ალბათ, დღემდე სანუკვარ ხელმძღვანელებად ეს ადამიანები ხდებიან, მათ შორის საქართველოში. არაფერი მაქვს სათქმელი იმის გარდა, რომ უკრაინას მშვიდობას და უკრაინელ ხალხს ღირსეულ ხელისუფლებას ვუსურვებ",- თქვა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის ვარაუდით, ხელისუფლება ამაზე არ წავა, თუმცა, სააკაშვილის საზღვარგარეთ გაშვების მოთხოვნით გარკვეული აქტივობების დაწყებას არ გამორიცხავს.
„ამ თემაზე გარკვეული ეტაპები გავიარეთ და ვნახეთ, რომ უცხოელები ჩამოვიდნენ, სააკაშვილი გასინჯეს და ყველამ გაიგო, რომ მისი მძიმე ავადმყოფობის ამბავი და უცხოეთში გადაყვანის აუცილებლობა სიყალბე იყო. მითუმეტეს დღეს ამის საფუძველი არ ჩანს. თუმცა, გული თუ გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო და თუ მოინდომეს, შეიქმნება მისი მომხრეების ჯგუფი, რომელსაც მხარს ევროპელები და უკრაინელები დაუჭერენ და პროცესი დაიწყება. მნიშვნელობა აღარ ექნება, რეალურად როგორ არის სააკაშვილი. მნიშვნელობა ექნება, ვინ დაინტერესდება მისი გამოყენებით", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას სააკაშვილი სჭირდება და ჯერჯერობით არ გაათავისუფლებს.
„არ მგონია „ოცნებამ" სააკაშვილი ვინმეს გადასცეს, რადგან ის პოლიტიკური ვაჭრობისთვის სჭირდება. გამორიცხული არ არის, ივანიშვილმა გამოიყენოს ის მიდგომა, რაც ბელორუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჰქონდა. ტრამპმა მას მოუხსნა გარკვეული სანქციები, რის სანაცვლოდაც მან პოლიტპატიმრები გაათავისუფლა. შესაძლოა ასე მოიქცეს „ქართული ოცნებაც". აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება, რომ წინ აღუდგეს სააკაშვილის გათავისუფლებას", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".