გიორგი ავალიანი: "ჩვენ გვჭირდება იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც სოფლის მეურნეობა მაღალ დონეზეა, ამიტომ გადავწყვიტეთ თანადაფინანსების მექანიზმის დამატება უკვე არსებულ პროგრამაში"
ქეთო გოგოხია
17.11.2025

სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული კომპანიები და ფერმერები უცხოელი კონსულტანტების მომსახურებით ისარგებლებენ. ამის შესაძლებლობას იძლევა სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამის ახალი მიმართულება - უცხოური ექსპერტების მომსახურების თანადაფინანსება. კონსულტაციების  მოიცავს, როგორც პირველადი პროდუქციის წარმოებასთან, ასევე მოსავლის დაბინავებასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიის მიმართულებას. 

პროგრამით დადგენილია კონსულტანტისა და ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების სფეროები. კერძოდ, კონსულტანტი განახორციელებს  ერთწლოვან და მრავალწლოვან კულტურებზე, როგორც ღია ასევე დახურული გრუნტის შემთხვევაში, აგროსაქმიანობასთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, ხოლო ტექნიკური კონსულტანტი - განახორციელებს მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მიმართულებით კონსულტაციებს.  

უფრო ვრცლად, კონკრეტულად რამ განაპირობა ტექნიკურ მომსახურებაში ცვლილებები, რა მიმართულებებზე ვრცელდება თანადაფინანსება და ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება - პროგრამის დეტალებზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი საუბრობს.

მისი ინფორმაციით, პროგრამის დადგენილი პირობით, უცხოური კონსულტანტების მომსახურების ღირებულების 70%-ს სოფლის განვითარების სააგენტო დაფარავს. თანადაფინანსების ლიმიტი შეადგენს  30,000 ლარს. ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების შემთხვევაში თანადაფინანსების ლიმიტი განსაზღვრულია 70 %-ით, არაუმეტეს 10,000 ლარით. წლის განმავლობაში პროგრამით სარგებლობა ერთ  პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია 2-ჯერ, თანადაფინანსების ლიმიტი, ჯამში, 40,000 ლარს შეადგენს.  

,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის განვითარების სააგენტო, წლებია, ახორციელებს სხვადასხვა მხარდამჭერ პროგრამას, რომელიც სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის აბსოლუტურად ყველა კომპონენტში ხორციელდება. ეს მოიცავს, როგორც  პირველად  წარმოებას, ასევე გადამმუშავებელი, შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნასა  და ტექნიკურ დახმარებას. პროგრამის ფარგლებში, გარკვეული შედეგი უკვე მიღწეულია. მაგალითად, როდესაც პირველად წარმოებაზე რომ ვსაუბრობთ,  აღსანიშნავია,რომ  გაშენებული ბაღების მოცულობა 25,000 ჰექტარს შეადგენს. მოეწყო 280-ზე მეტი გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმო. 

ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომელიც შეიცვალა სრულად მორგებულია ფერმერების საჭიროებებზე. ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვაში, ასევე ბრენდირებაში და სხვა მათთვის აუცილებელი საკითხის გადაწყვეტაში. საბოლოოდ დადგა საჭიროება, რომ გვჭირდება იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც სოფლის მეურნეობა მაღალ დონეზეა განვითარებული. გვჭირდება, რომ გავამყაროთ ტექნიკური მხარდამჭერი პროექტები, რაც აქვს სახელმწიფოს. ამიტომ გადავწყვიტეთ დარგობრივი ასოციაციებისთვის, კოოპერატივებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის თანადაფინანსების მექანიზმის დამატება უკვე არსებულ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მათ შეეძლებათ უცხოელი კონსულტანტების ჩამოყვანა. სახელმწიფოს თანადაფინანსება 30,000 ლარია. ბენეფიციარებს შესაძლებლობა ეძლევათ,  10 დღით ჩამოიყვანონ უცხოელი აგროკონსულტანტი, ასევე მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიებისთვის, სამაცივრე ინფრასტრუქტიურის განვითარებისათვის 10,000-ლარიანი  თანადაფინანსება გამოიყოფა. ვფიქრობ, კარგი მხარდაჭერაა და ქართველ ფერმერებს ძალიან წაადგებათ“, - განაცხადა გიორგი ავალიანმა პროგრამაში შეტანილი ახალი კომპონენტის შეფასებისას.

ტექნიკური დახმარების პროგრამაში უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი უნდა იყოს არანაკლებ 10 პირისაგან შექმნილი ასოციაცია, სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, ასევე,  არანაკლებ 10 პირისგან შექმნილი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

პროგრამით დადგენილი პირობაა, რომ უცხოური კონსულტანტის მომსახურებით სარგებლობისათვის პოტენციურ ბენეფიციარს ყავდეს აგრონომი და გააჩნდეს მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში არანაკლებ 50 ჰა, ხოლო კენკროვანი კულტურების შემთხვევაში არანაკლებ 30 ჰა-ზე გაშენებული ერთი კულტურის ბაღები. კარტოფილის ან მარცვლოვანი ერთწლოვანი კულტურებისათვის ერთი კულტურის საწარმოებლად ბენეფიციარი არანაკლებ 100 ჰა-ს უნდა ფლობდეს, ხოლო ბოსტნეულის ან ბაღჩეულის ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში ერთი კულტურის წარმოებისათვის, სახნავი მიწის ფართობის მოცულობა არანაკლებ 50 ჰა ფართობს მოიცავდეს. სათბურის შემთხვევაში არანაკლებ 1 ჰა სასათბურე მეურნეობაა განსაზღვრული. ამასთან, მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მიმართულებით ტექნიკური კონსულტანტის მომსახურების მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი უნდა ფლობდეს არანაკლებ 2 000 ტონის ტევადობის შემნახველ ინფრასტრუქტურას.

,,საკმაოდ ვრცელია ჩამონათვალი, რა მიმართულებებითაც მოხდება უცხოელი კონსულტანტების ჩამოყვანა. ყველა დეტალზე ვიმსჯელეთ, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ფერმერებთან და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ისინი ითხოვდნენ, არის განათლება და უცხოური გამოცდილების შემოტანა ქვეყანაში, რაც ამ მომენტისთვის იყო გამოწვევა, ამიტომ დაემატა  ეს კომპონენტი. ჩვენ პროგრამაში ახალი მიზნობრიობა დავამატეთ იმისათვის, რომ განათლება შემოვიტანოთ ქვეყანაში, იმ საჭიროებების გათვალისწინებით რა  საჭიროებაც ფერმერების მხრიდან დადგა. უკვე შეგვეძლება განაცხადებიც მივიღოთ და განვვითარდეთ ამ მიმართულებით, რაც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარების კარგი შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ თავად ასოციაცია და კოოპერატივი არჩევენ უცხოელ ექსპერტს, აგროკონსულტანტის ჩამოყვანის შემდეგ ფერმერებსაც ჩაუტარდებათ ტრენინგი, სადაც ჩვენი საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. სააგენტოს ბენეფიციარები მიიღებენ ინფორმაციას თუ როგორია თანამედროვე მიდგომაბი სხვადასხვა კულტურის მოვლა -მოყვანის კუთხით. ვფიქრობ, საჭირო პროგრამაა, წინგადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რათა სექტორი განვითარდეს  და წარმატებას მიაღწიოს“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტო ტექნიკური დახმარების პროგრამაში  მონაწილეობისთვის განაცხადებს მიმდინარე წლის 7 ნოემბერს დაიწყო.  

გიორგი ავალიანმა ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდამჭერ პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება.

,,ფერმერებსა და აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებაში ჩართულ მეწარმეებს ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით ვეხმარებით. სწორედ ამ პროექტების დამსახურებაა, რომ კერძო სექტორსა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის ხარისხი გაუმჯობესებული და გაზრდილია.

სახელმწიფო სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის აბსოლუტურად ყველა კომპონენტში  იღებს მოინაწილეობას, რათა ფერმერებმა შესაბამისად განავითარონ თავიანთი ბიზნესი. ამ პროცესში მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ ვაძლევთ საშუალებას, საერთაშორისო გამოფენებზე წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, დაამყარონ საქმიანი კავშირები და ექსპორტი განახორციელონ სხვადასხვა ბაზარზე.  

2024 წლის მონაცემით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, რვა საერთაშორისო  გამოფენაზე მოეწყო ქართული პავილიონი.  რაშიც  სახელმწიფოს მხრიდან 8,5 მლნ ლარი დაიხარჯა. ფერმერებმა გამოფენებზე დამყარებული  პარტნიორობის მეშვეობით მოახდინეს 10 მლნ ლარზე მეტი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში. წელსაც ძალიან კარგ შედეგს ველოდებით. წელს , 8  საერთაშორისო გამოფენაზე  უკვე  მივიღეთ მონაწილეობა.  ვაანალიზებთ, რომ არ გვაქვს საშუალება ყველგან ჩავიდეთ, ამიტომ ძალიან მიზნობრივად,   კონკრეტულად ვარჩევთ ჩვენი კომპანიებისთვის ხელსაყრელ ქვეყნებს, ვითვალისწინებთ მათთვის მნიშვნელოვან  სხვადასხვა გარემოებას, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, ლოგისტიკური გზები და სხვა. ყოველწლიურად დაახლოებით 50-მდე კომპანიას აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღოს აღნიშნულ გამოფენებში მონაწილეობა და ეს რიცხვი  კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა გიორგი ავალიანმა.

ვცდილობთ, რომ აგროპროგრამებში ახალი ელემენტები დავამატოთ.  კომუნიკაციისთვის მზად ვართ  ყველასთან, სწორედ ფერმერებთან  კომუნიკაციის შედეგია, რომ წელს პროგრამის „დანერგე მომავალი“  ბაღების კომპონენტში  მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით დაიწყო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობა. პროგრამის ახალი რედაქციით, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 250 000 ლარიდან 500,000 ლარამდე, ხოლო ლურჯი მოცვის შემთხვევაში 750,000 ლარამდე გაიზარდა. 

ცვლილებები შეეხო ასევე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების თანადაფინანსების კომპონენტს. გაფართოვდა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჩამონათვალი და გაიზარდა თანადაფინანსების პროცენტი. პროგრამის ახალი რედაქციით, თანადაფინანსება გაიცემა ვაზის, თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი კულტურების განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 40%-ისა.  დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობა და ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა განსაზღვრულია   არაუმეტეს 750 000 ლარით“  - განაცხადა გიორგი ავალიანმა.

სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადებს 2026 წლის 28 თებერვალამდე მიიღებს.

სახელმწიფო პროგრამებში ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდება და შეიქმნება ყველა პირობა, რომ ფერმერული მეურნეობების უფრო მეტად განვითარდეს და მიაღწიოს მაღალ სტანდარტს. საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი, რომ მისი პროდუქცია მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე გამორჩეულ ადგილს იკავებდეს, რასაც სწორედ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები უწყობს ხელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×