
ბოლო პერიოდში დასავლეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები სულ უფრო ხშრად საუბრობენ რუსეთისა და დასავლეთის მოსალოდნელ სამხედრო დაპირისპირებაზე, რომელიც, სავარაუდოდ, 3-4 წელიწადში მოხდება. ზოგიერთის შეფასებით, ახალი დიდი ომი პრაქტიკულად გარდაუვალია. რამდენად რეალისტურია ასეთი პესიმისტური პროგნოზები და შესაძლებელია თუ არა ომის თავიდან აცილება?
საფრანგეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა ფაბიენ მანდონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მეხუთე რესპუბლიკის არმია მზად უნდა იყოს კონფლიქტისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, სამიდან ოთხ წელიწადში დაიწყება. მან მტკიცებულებად დაზვერვის მონაცემები მოიყვანა და დაამატა: „ამ შეფასებას ჩვენი ახლო მოკავშირეები იზიარებენ".
იქამდე, 2024 წლის თებერვალში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომი სამ წელიწადში შესაძლებელია. გერმანიის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ხელმძღვანელი ალექსანდრ ზოლფრანკი კი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკვე მზადაა „თუნდაც ხვალ" განახორციელოს დარტყმა ნატო-ს წევრ რომელიმე ქვეყანაზე:
„დღეს არსებულ სიტუაციას თუ დავაკვირდებით, რუსეთს შეუძლია თუნდაც ხვალ განახორციელოს შეზღუდული დარტყმა ნატო-ს ტერიტორიაზე".
ამასთან, ზოლფრანკის აზრით, რუსეთის ეს მოქმედება შეიძლება იყოს „ლოკალური და სწრაფი". მისივე თქმით, რუსეთი ამჟამად მეტისმეტად დაკავებულია უკრაინის ომით, თუმცა ასეთი შეზღუდული სამხედრო ოპერაციისათვის რესურსები, მაგალითად, ტანკები, სრულიად საკმარისი აქვს.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კი ჯერ კიდევ მაისში განაცხადა, რომ ბუნდესვერი ევროპაში ყველაზე ძლიერი არმია უნდა გახდეს.
ანალიტიკოსების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროპაში ახალი დიდი ომის ალბათობა პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. რუსეი ანალიტიკოსების აზრით, ასეთი ომი შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაში, თუკი დასავლეთი დარწმუნდება, რომ უკრაინა რუსეთთან მიმდინარე ომში მარცხდება. მათი შეფასებით, ეს დასავლეთის ქვეყნებს ომშ ღიად ჩართვისკენ უბიძგებს.
თსუ-ს პროფესორის, კორნელი კაკაჩიას შეფასებით კი, თუკი რუსეთმა უკრაინაში წარმატებას მიაღწია, შესაძლოა თავადვე განახორციელოს შეიარაღებული აგრესია თავისი სხვა რომელიმე მეზობლის წინააღმდეგ.
„იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთს სამეზობლოში კონფლიქტები აქვს და გამორიცხული არ არის, ბალტიის ქვეყნებზე იერიში მიიტანოს, ეს ევროპას აიძულებს, რომ თავისი საზღვრები დაიცვას და ასევე სულ უფრო მეტად იზრუნოს შეიარაღების გაზრდაზე. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორც ცივი ომის პერიოდში იყო. ევროპას მოუწევს თანხები ძირითადად თვითონ მოაბილიზონ, ვინაიდან ამერიკისგან დიდი გარანტიები არ არის. თავდაცვის ხარჯების გაღება მარტივი არ იქნება, რადგან ეს სხვა საკითხებს უნდა მოაკლდეს.
„ჯერ არავინ იცის ომი დაიწყება თუ არა. თან ისიც არ ვიცით, როგორ დასრულდება უკრაინის ომი და მოახერხებს თუ არა რუსეთი დასახული მიზნების მიღწევას. ძირითადად საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა შეაკავონ რუსეთი. რისკი არის იმის, რომ თუ რუსეთი უკრაინაში მისთვის საუკეთესო შედეგით დაასრულებს, შეიძლება წარმატებამ თავბრუ დაახვიოს და სხვა ქვეყნებზე მიიტანოს შეტევა. არავინ იცის რომელი ქვეყანა იქნება მისი სამიზნე", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".