თამთა ჩაჩანიძე
16.11.2025

ეუთო/ოდირი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ოქტომბერში დაჩქარებული წესით მიღებული შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში შეტანილი ცვლილებები გააუქმოს. ორგანიზაცია პარასკევს გამოქვეყნებულ თავის „გადაუდებელ მოსაზრებაში” ამბობს, რომ ეს ცვლილებები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლებს არღვევს და ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს 16 ოქტომბერს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რომელიც ძალაში მეორე დღითვე შევიდა. ამ ცვლილებების თანახმად, საპროტესტო აქციაზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვა ან აქციაზე პირბადით ყოფნა 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. იმავე ბრალდებით განმეორებით დაკავებისას კი პირს ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ანალიტიკოსებს არ აქვთ მლოდინი, რომ „ოცნება“ ახლა „ოდირის“ მოწოდებაზე რეაგირება ექნება. მათი ნაწილი იმაზეც საუბრობს, რომ ანგარიშში საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტები არაა, რომ „ოცნება“ ამ საკითხზე დაფიქრდეს.

„ეუთო/ოდირის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ახალი კანონები „ზედმეტად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს; ასევე ბოლო თვეებში მშვიდობიანი მომიტინგეების, ადამიანის უფლებათა დამცველების და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაკავება შეკრებებში მშვიდობიანი მონაწილეობის გამო აშკარად არღვევს საქართველოს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ვალდებულებებს“.

„2025 წლის ოქტომბრის შესწორებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-9, მე-19 და 21 მუხლების და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5, მე-10, მე-11 და მე-18 მუხლების და უნდა გაუქმდეს. ოდირი ასევე იმეორებს წინა რეკომენდაციებს 2025 წლის თებერვლის შესწორებებთან დაკავშირებით, როგორც ეს ხაზგასმულია 2025 წლის მარტის სასწრაფო დასკვნაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

შეკრების უფლება გადაადგილების უფლების წინააღმდეგ

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ანგარიში სასწრაფო წესით დაიწერა და მასში მოყვენილი არგუმენტები, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული კანონები, დამაჯერებელი არაა. მისივე შეფასებით, ყველაზე თვალშისაცემი კი მაინც ისაა, რომ ანგარიშის ავტორებისთვის შეკრების თავისუფლება უფრო აღმატებულია გადაადგილების თავისუფლებაზე. 

„ეუთო/ოდირს ანგარიში და მოწოდება „ოცნების“ ხელისუფლებისთვის პირველად არ გამოუქვეყნებია, როდესაც კონკრეტული კანონების გაუქმებას ითხოვდნენ. ახლაც იგივე სიტუაციაა. აქედან ცნობილმა აქტორებმა შესაბამისი ინფორმაცია გაგზავნეს და რეაგირება მოსთხოვეს. ეს ანგარიშიც სასწრაფო წესით დაიწერა, რომ ვიდრე კანონები სრული ძალით ამოქმედდებოდა და თავის შედეგს მოიტანდა, იქნებდა ხელისუფლებას „ოდირის“ ძალით უკან დაეხია და კანონები გაექმებინა.

„ჩემთვის ეს არგუმენტები საკმარისი არაა. დასკვნაში ასეთი პასაჟი გვხვდება, რომ შეკრების და მანიფესტაციის გამოხატვის უფლება უფრო აღმატებულია ადამიანის მეორე უფლებაზე - გადაადგილების თავისუფლებაზე. თურმე ქუჩის გადაკეტვაა გამოხატვის თავისუფლება და თუ ადამიანს გადაადგილების უფლება ეზღუდება, ეს არაფერია, მიუხედავად იმისა, რომ გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, ადამიანებს შეუძლიათ პროტესტი პარლამენტის მიმდებრედ გამოხატონ.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იმ დღის წესრიგის მორგებას ცდილობენ, რაც ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებს აქვთ. „ეუთო/ოდირი“ დიდი ხანია ევრობიუროკრატიის ზეგავლენის ქვეშაა. ანგარიშიც ოპიზიციის ინტერესებზეა მორგებული, ახალისებს, რომ ქუჩების გადაკეტვა თავისუფლად შეძლოს და ხელისუფლებამ ხელი არ შეუშალოს. დიდი ალბათობით, ხელისუფლება ამას არ გაითვალისწინებს - ის და „ოდირი“ სიტყვიერი ფარიკაობის რეჟიმში დარჩებიან. 

„ეუთო/ოდირის“ თანამშრომლები ხელფასს ასეთი ანგარიშების მომზადებაში იღებენ, ფაქტიურად, უმოქმედო ორგანოდ გადაიქცა, მაგრამ, როგორ ჩანს, ვიღაცეებს მიზნების მისაღწევად სჭირდებათ და არ ჩქარობენ ამ ორგანიზაციის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთვას, ან მის ღრმა რეფორმირებას. ახალ რეალობას ვერ მოერგო, ვერცერთი კონფლიქტის პრევენცია ვერ შეძლო, რაც რუსეთმა დატივა, მას შემდეგ იქ ყველაფერს აშშ და ევრობიუროკრატია განაგებს. 

„ანგარიშში სხვა ისეთი განსაკუთრებულად თვალშისაცემი არაფერია. ეს იგივე მოთხოვნების გადამეორებაა, რასაც საქართველოს ხელისუფლებას სხვა ევროსტრუქტურები უყენებენ. ხელისუფლებასაც ალბათ შეეძლო „ოდირთან“ უფრო მეტი ემუშავა, მაგრამ, თუ შენს სიმართლეში ვერ არწმუნებ და არ უნდათ გაიგონ შენი არგუმენტები, რა ფაქტებიც არ უნდა დაულაგონ, აისხლეტენ და იმას დაიჯერებენ, რაც სურთ“, - განაცხადა ანჯაფარიძემ. 

„ოცნება“ „ოდირის“ ჭკუაზე რომ დადიოდეს...“

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ეუთო/ოდირი“ „ოცნებსთვის“ არაფერს წარმოადგენს.

„ეუთო/ოდირმა სულ რომ ჭეშმარიტების მწვერვალი იღაღადოს, „ოცნებისთვის“ ეს აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს. ეს ხომ ის ხალხი არაა, ვინც შემთხვევით შეცდა, ან რაღაც ვერ გაითვალისწინა, მშვენივრად იციან რასაც აკეთებენ და ამ ნაბიჯებს შეგნებულად დგამენ. „ოდირმა“ ისეთი რა უნდა თქვას, ან რა უნდა გააკეთოს, რომ „ოცნებამ“ გადაიფიქროს და კანონები უკან წაიღოს?!

„როდესაც „ოდირს“ დასკვნას სთხოვენ, ის ამ დასკვნას და განცხადებას აკეთებს, რომ დემოკრატიული უკუსვლა და ადამიანის უფლებების შეზრუდვა მიდის საქართველოში. როგორც საექსპერტო გუნდი, ისინი თავის პოზიციას აჟღერებენ და მოუწოდებენ; მაგრამ მეორე მხარეა თავად „ოცნება“ რას ფიქრობს და რა მიზანი აქვს. ის „ეუთო/ოდირის“ ჭკუაზე რომ დადიოდეს, აქამდე გაცილებით უკეთესი საკანომდებლო ბაზა გვექნებოდა, ვიდრე გვაქვს“, - განაცხადა ძაბირაძემ.

როდის შემსუბუქდება კანონები

ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ კანონები მაშინ შემსუბუქდება, როცა ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდება. 

„ეს (კანონები), რა თქმა უნდა, შეიცვლება, როცა ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდება და საპროტესტო ჯგუფები შეიგნებენ, რომ მათ შეუძლიათ პროტესტი სხვისი უფლებების დაღვევის გარეშეც გამოხატონ. ხელისუფლებას არცერთხელ არ შეუშლია ხელი რეალურად ხალხმრავალი მიტინგგებისთვის“ - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე კი გვეუბნება, რომ კანონები შემსუბუქდება, „როცა ხელისუფლება შეიცვლება, თუ ახალ ხელისუფლებასაც იგივეს კეთება არ მოუნდა“.

დამატებით კითხვაზე, რა შემთხვევაშია ეს მოსალოდნელი „ოცნების“ პირობებში, ძაბირაძემ გვითხრა: 

„მაშინ „ოცნებაზე“ ძალიან დიდი ზეწოლა უნდა იყოს, ოღონდ „ეუთო/ოდირიდან“ კი არა... უფრო მასშტაბური აქციები უნდა იყოს - პერმანენტულად 40-60 ათასი კაცი იკრიბებოდეს. ესეც შედეგს რამდენად გამოიღებს, საკითხავია, მაგრამ უფრო ქმედითი მექანიზმია, ვიდრე „ეუთო/ოდირის“ განცხადება“, - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×