
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ხუთშაბათს კარიბის ზღვის აუზში ახალი სამხედრო ოპერაცია „სამხრეთის შუბის“ დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის მიზანიც „ნარკოტერორისტების“ განდგურებაა. ექპერტების აზრით, ეს ყველაფერი ვენესუელასა და მის პრეზიდენტ ნიკოლა მადუროზე ზეწოლისთვის კეთდება. თუმცა, მოყვება თუ არა ვენესუელას ნაპირებთან ამერიკელი სამხედროების ასეთ მობილიზებას სახმელეთო ოპერაციის დაწყება ვენესუელას წინააღმდეგ, ამის თქმა ჯერჯერობით ძნელია.
პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ოპერაციას ოქტომბერში ჩამოყალიბებული ნარკოტიკებთან ბრძოლის ახალი ერთობლივი სამუშაო ჯგუფი და აშშ-ის სამხრეთის სარდლობა უხელმძღვანელებს.
„დასავლეთ ნახევარსფერო ამერიკის სამეზობლოა და ჩვენ მას დავიცავთ“, - დაწერა ჰეგსეთმა სოციალურ პლატფორმა „იქსზე“.
სექტემბრის დასაწყისიდან აშშ-ის სამხედროებმა 20-მდე დარტყმა განახორციელეს კარიბის ზღვის აუზსა და აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში იმ გემებისა და ნავების წინააღმდეგ, რომლებსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკები გადაჰქონდათ. შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა, რომლებსაც აშშ-ის ადმინისტრაცია „ნარკოტერორისტებად“ მიიჩნევს.
ამ სამხედრო ოპერაციებმა თავად აშშ-ში დემოკრატებისა და ზოგიერთი რესპუბლიკელის მხრიდან წინააღმდეგობა გამოიწვია. ისინი ამტკიცებენ, რომ ადმინისტრაციას დარტყმების გასაგრძელებლად კონგრესის ნებართვა სჭირდება.
ამავდროულად, აშშ-ის ხელისუფლებამ აღნიშნულ რეგიონში განათავსა სამხედრო გემები, „ეფ-35“ გამანადგურებლები, სადაზვერვო თვითმფრინავები და სხვა საშუალებები, რაც ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რომელსაც აშშ-ის ოფიციალური პირები „არალეგიტიმურ ლიდერს“ უწოდებენ, ზეწოლას უფრო აძლიერებს.
პრეზიდენტმა ტრამპმა ტელეკომპანიას „სი-ბი-ეს“-ის გადაცემა „60 წუთში“ მიანიშნა, რომ მადუროს დღეები დათვლილია.
გარდა ამისა, რამდენიმე დღეში ვენესურელის ნაპირებს ავიამზიდი „ჯერალდ ფორდიც“ და მისი დამრტყმელი ჯგუფიც მიუახლოვდება, რომელიც, სხვა შეიარაღების გარდა, შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტებითაა აღჭურვილი.
„ეჭვგარეშეა, რომ ეს დაჯგუფება ნაწილობრივ ვენესუელის ხელისუფლების დაშინების მიზნით არის შექმნილი. ვფიქრობ, აშშ თავის მიზნებთან დაკავშირებით პირდაპირ არ საუბრობს და ამიტომ ამ ეტაპზე კარიბის ზღვის სტრატეგიის შეფასება ძალიან რთულია, რა სახელსაც არ უნდა არქმევდეს მას პენტაგონი“, - განუცხადა გამოცემა „ჰილს“ სტიმსონის ცენტრის ლათინური ამერიკის პროგრამის დირექტორმა ბენჯამინ გედანმა.
საინტერესოა, რომ ჰეგსეთი და გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე გენერალი დენ კეინი გასულ კვირას ვაშინგტონში ზედიზედ ორი დღე სტუმრობდნენ თეთრ სახლს. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, მათ ვენესუელას წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებების სხვადასხვა ვარიანტების შესახებ ისაუბრეს. პარასკევს მათ შეუერთდნენ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა, ადამ სმიტმა (დემოკრატი, ვაშინგტონი), პარასკევს განაცხადა, რომ რუბიომ უარყო რაიმე კავშირის არსებობა გემებზე იერიშის მიტანასა და ვენესუელაზე სახმელეთო დარტყმების შესაძლო განხორციელებას ან რეჟიმის შეცვლას შორის.
„თუმცა, პრეზიდენტის ნათქვამიდან გამომდინარე, არსებობს შეშფოთების საფუძველი“, - თქვა სმიტმა.
შეგახსენებთ, აგვისტოში აშშ-მა 25 მლნ-დან 50 მლნ-მდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას შეუწყობს ხელს.
გასულ კვირაში კი ვენესუელას თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის დასაცავად დაახლოებით 200 ათასი ჯარისკაცია მობილიზებული.