
ბოლო დღეებში რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ფორმა შეიცვალა. აქციის მონაწილეები, რუსთაველზე დგომისა და პერიოდულად გზის გადაკეტვის მცდელობის ნაცვლად, ახლა ქალაქის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე მართავენ მსვლელობებს. მათ პერიოდულად პოლიციასთან მოსდით დაპირისპირება. რატომ შეცვალეს ტაქტიკა და რას აძლევს ეს მათ?
15 ნოემბრის ღამეს, აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ, საიდანაც მეტრო „რუსთაველის" მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს.
ისინი ზანდუკელის ქუჩაზე, მერაბ კოსტავას სახლთან მივიდნენ. ამასთან, პოლიციამ ზანდუკელის ქუჩა აღნიშნულ მონაკვეთზე გადაკეტა და მოქალაქეებს გზის ამ მიმართულებით გაგრძელების უფლებას არ აძლევს, რასაც ხმაური მოჰყვა.
აქციის მონაწილეების თქმით, სირცხვილია, რომ სამართალდამცველები კეტავენ ტერიტორიას, რომელიც „საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა".
მსგავსი მსვლელობები გაიმართა წინა დღეებშიც და როგორც ჩანს, ეს ეს პრაქტიკა ახლო მომავალშიც გაგრძელდება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ გამკაცრებულმა სანქციებმა აიძულა პროტესტის მონაწილეებს, რომ ტაქტიკა შეეცვალათ.
„შეცლილი გეგმა პროტესტანტებს აძლევს იმას, რომ ხელისუფლებას ნაკლები საფუძველი ექნება დააპატიმროს მონაწილეები და აღძრას სისხლის სამართლის საქმეები. აქამდე გზის გადაკეტვაზე მკაცრი სანქცია იყო და შემდეგ უკვე, მეორე მცდელობაზე, ადმინისტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლის საქმე იწყებოდა. ამასთან, დიდი საპოლიციო ძალები იყო მობილიზებული. ამ ყველაფერს მომიტინგეებმა დაუპირისპირეს მსვლელობა გზის გადაკეტვის ნაცვლად. აქედან გამომდინარე, ხალხის რაოდენობა არ იცვლება და პროტესტი გრძელდება.
„ყველა აცნობიერებს, რომ ასე თუ გადაადგილდებიან, ივანიშვილი არ დათმობს ძალაუფლებას. თუმცა, ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ბრძოლა გრძელდება. ტაქტიკა კი შეიცვალა, მაგრამ მიზანი დარჩა იგივე. მნიშვნელოვანია, რომ ამას სხვა ფაქტორებმაც შეუწყოს ხელი. მაგალითად, „ოცნების" წარმომადგენლების დასანქცირებამ. ასევე გეოპოლიტიკური ვითარება უკრაინის სასარგებლოდ უნდა შეიცვალოს, აშშ-მა კიდევ უფრო მეტი დაინტერესება უნდა გამოხატოს საქართველოს მიმართ. ამას პლუს ქვეყნის შიგნით ძლიერი მოძრაობა უნდა შეიქმნას, რომელიც მოსახლეობას დაარწმუნებს, რომ „ოცნება" შესაცვლელია", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით კი, პროტესტანტების მიერ გეგმის შეცვლის მიზეზი შიშია.
„ხომ გაგიგიათ, შიშს დიდი თვალები აქვსო... შემოელიათ ხალხი, რომელიც 5-10-დღიან ციხეზე მიდიოდნენ. ახლა არავის უნდა ერთწლიანზე წასვლა. ეს არის მიზეზი, თუ რატომ შეცვალეს ფორმატი. მეტი ახსნა ამას არ აქვს. არ არიან მზად ციხეები მოიხადონ. ასე რომ, აქ მხოლოდ და მხოლოდ შიშია.
„რა თქმა უნდა, ამას არავითარი შედეგი არ ექნება. ახლა მიდის ბრიუსელიდან მიღებული ფულების ათვისება ასე ქუჩა-ქუჩ ხეტიალით", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".