თამთა ჩაჩანიძე
15.11.2025

მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ კომპანია „კოკა კოლას" სარჩელი წარმოებაში მიიღო. ამერიკული მწარმოებელი მოითხოვს, რომ ცხინვალში რეგისტრირებულ შ.პ.ს. „კოკა-კოლა კომპანიას" რუსეთში ამერიკული ბრენდის სახელის გამოყენება აეკრძალოს. მათი ცნობით, ცხინვალური კომპანია რუსეთის ბაზარს ფალსიფიცირებული „კოკა-კოლათი" ამარაგებს, თანაც ქართულენოვანი ეტიკეტით.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ოფიციალურ სარჩელში მითითებული მოპასუხის - შ.პ.ს. „კოკა-კოლა კომპანიას" იურიდიული მისამართი: „100001, რუსეთი, ქ. ცხინვალი, გორკის ჩიხი, ნომერი 6".

აქვე გეტყვით, რომ რუსეთის ხელისუფლებამ 2010 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთს მიენიჭა „საერთაშორისო" საფოსტო ინდექსი 100001.

ამ საქმეზე „კოკა-კოლამ" ჯერ კიდევ წლის სექტემბერში შეიტანა სარჩელი მოსკოვის სასამართლოში, თუმცა, როგორც „ტელეგრამ" არხი „საპა" წერს, სარჩელი ხარვეზებს შეიცავდა და მაშინ მას მსვლელობა არ მიეცა. ახლა კი ეს ხარვეზები გამოსწორებულია.

„ოსური" „კოკა-კოლა"

როგორც ოსური „ტელეგრამი" წერს,  პოლიტიკოსმა ჩრდილო ოსეთიდან იოსებ ჯაგაევმა, რომელიც ბოლო ადგილობრივ არჩევნებზე მოსკოვის მეორბაზეც იყრიდა კენჭს, საქმეში მესამე მხარის სახით ჩართვა მოისურვა. გასულ პარასკევს ის მოსკოვში შევეიცარიის საელჩოში არსებულ საქართველოს ინტერესების სექციაში იმყოფებოდა. ამ ვიზიტის შემდეგ კი განაცხადა, რომ „მისი წყალობით, საქმეში რუსეთის ფედერალური სამსახური ჩაერთო, რამაც საქმის წარმოებისადმი ინტერესკი კიდევ უფრო გაზარდა" და სავარაუდოდ „სამხრეთოსეთური კომპანიის დღეები დათვლილია".

„საქართველოს ინტერესების სექციას ვაცნობე, რომ რუსეთში, პრაქტიკულად ყველგან - რესტორნებსა და მაღაზიებში - იყიდება კუსტარულად დამზადებული „კოკა-კოლა", რომელსაც ქართული ეტიკეტები აქვს. ყველასათვის ნათელია საიდან მოდის ეს", - განაცხადა ჯაგაევმა.

ოკუპირებული ცხინვალი მიიჩნევს, რომ ჯაგაევი "ქართული ინტერესების ერთგული წარმომადგენელი ფანატიკოსი და "კოკა-კოლას" დამცველია".

ამერიკულმა კომპანიამ სარჩელი თავდაპირველად 8 სექტემბერს შეიტანა და მოსკოვის სასამართლომ ის არ მიიღო წარმოებაში.

მარტში „კომერსანტი" წერდა, რომ რუსულმა საცალო ქსელებმა მიიღეს შეთავაზებები ცხინვალში რეგისტრირებულ „კოკა-კოლა კომპანიის" მიერ წარმოებული „კოკა-კოლას" ბრენდის სასმელების მიწოდებაზე, რომელიც რუსულ შპს „პკბ"-სთან პარტნიორობით აწარმოებს. გაზეთის ცნობით, პროდუქტის ეტიკეტი პრაქტიკულად ორიგინალის იდენტური იყო.

მარტში ცხინვალის ე.წ. საბაჟო კომიტეტმა კომენტარი გააკეთა რუსეთში „კოკა-კოლას" ყალბი პროდუქციის გაგზავნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„ბოლო დროს მედიაში აქტიურად განიხილება სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ფედერაციაში კომპანია „ლოკას" მიერ „კოკა-კოლის" ბრენდის სასმელების მასობრივი იმპორტის თემა. ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საბაჟო კომიტეტს არ აქვს ინფორმაცია აღნიშნული პროდუქციის მიწოდების შესახებ", - განაცხადა უწყების პრესსამსახურმა.

კომიტეტის განცხადებით, „ლოკას" დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან საქონლის საექსპორტო დეკლარაცია არ წარადგინა, თუმცა მიწოდების ფაქტი პირდაპირ არ უარყო.

2022 წლის მარტში რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებული სანქციების გამო, ივნისში რუსეთის ბაზარზე „კოკა-კოლას", „სპრაიტისა" და „ფანტას" ბრენდების ქვეშ გაზიანი სასმელების გაყიდვებისა და წარმოების შეწყვეტის შესახებ გახდა ცნობილი. ივლისის ბოლოს „კოკა-კოლას" რუსულმა განყოფილებამ სახელი შეიცვალა და „კოკა-კოლას" ანალოგის - „დობრი კოლას" წარმოება დაიწყო.

ქართული წარწერა და „კოკა-კოლას" სარჩელი

კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ფალსიფიკატორებმა ქართული წარწერა გამოიყენეს, როგორც ხარისხის ნიშანი.

„რუსეთში ქართულ წარწერიანი „კოკა-კოლა" უფრო იყიდება, ჩვენ ხარისხის ნიშანი ვართ, რადგან ოფიციალურად ვაწარმოებთ და ფიქრობენ, რომ ეს ნამდვილია. შესაძლოა ფალსიფიკატორებიც ამაზე აკეთებენ გათვლას - ქართულად თუ დავაწერთ, უფრო გაყიდვადი იქნებაო.

„ვინაიდან „კოკა-კოლა" რუსეთიდან გამოვიდა, რუსეთის ტერიტორიაზე გამოჩენილი ეს სასმელი, უკვე პროვოკაციაა „კოკა-კოლას" წინააღმდეგ.

„ქართული წარმოების „კოკა-კოლა" სხვა ქვეყნებშიც იყიდება, რომელსაც ქართული წარწერები არ აქვს, არსებობს შესაბამისი შეთანხმებები, მაგალითად, სომხეთთან.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში გასულ ქართულ წარწერიიან პროდუქტებზე უტყუარი ინფორმაციები არ მაქვს. თუმცა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული პროდუქტი ჩუმად იყიდება - დახლის ქვემოდან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება სარჩელში დაფიქსირებულ მისამართს, ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ „კოკა-კოლას" ადვოკატი ამ საქმეს ფორმალურად მიუდგა და მოპასუხის მისამართად მიუთითა ის მისამართი, რაც ინტერნეტში ნახა. თუმცა, თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, ამაზე საქართველოს საგარეო უწყებისგან რეაგირებაა საჭირო.

„კომპანიამ დაიქირავა ადვოკატი, ის ამ საქმეს ძალიან ფორმალურად მიუდგა, შევიდა რაღაც რუსულ საიტებზე და ჩათვალა, რომ ასე უნდა მიეთითებინა. ამაზე აუცილებლადაა ყურადღება გასამახვილებელი. აუცილებელია საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კოკა-კოლას" მიუთითოს, რომ მისამართი არასწორადაა გამოყენებული.

„გულახდილად გეტყვით, მე აქ ბოროტ გაზრახვას ვერ ვხედავ. „კოკა-კოლა" ვალდებული არაა საერთაშორისო სამართლის ყველა ნიუანსებში ერკვეოდეს. სჯობს ერკვეოდეს, მაგრამ ვალდებული არაა და თუ შეცდომას დაუშვებს და ვინმე შეუსწორებს, ამას გამოასწორებს.

„რეალურად, რუსული კანომდებლობითაც კი, ცხინვალი არაა რუსეთი და ის არის რუსეთის მიერ უკანონოდ აღიარებული ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს ქალაქი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, „კოკა-კოლას" პირველ სარჩელში აღმოჩენილი ხარვეზი რამდენად შეიძლება სწორედ მოპასუხის იურიდიულ მისამართს უკავშირდებოდეს და რამდენად შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ პირევლ სარჩელში სწორედ ცხინვალური კომპანიის მისამართი ყოფილიყო მითითებული რუსული სასამართლოსათვის მიუღებელი ფორმით, ზაქარეიშვილმა გვითხრა:

„რუსეთის სასამართლოს ყოველთვის შეუძლია უთხრას უარი „კოკა-კოლას" და სხვა კომპანიებსაც, ვინც მიუთითებს ცხინვალს, როგორც საქართველოს ქალაქს და მოსთხოვს ჩაწეროს რუსული კანონმდებლობით სწორად ცხინვალის ადგილმდებარეობა. ასეთი დავები წინასწარ წარუმატებლობისთვისაა განწურული".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×