მარიამ ვეკუა
15.11.2025

ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისევ ახალ ერთიან პოლიტიკურ პლატფორმაზე და ტექნიკური მთვრობის შექმნის საჭიროებაზე ალაპარაკდა. საუბარია მმართველი პარტიის პოლიტიკური ალტერნატივის შექმნაზე, რომელიც მოემზადება იმ დღისთვის, როდესაც ხელისუფლების შეცვლა რეალური გახება. კეთდება მინიშნება, რომ ეს კავშირშია 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან.

ამასთან, რა ფორმა ექნება ამ გაერთიანებას, შეიძლება თუ არა მის ბაზაზე ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირება მოხდეს და ზოგადად, რა პერსპექტივა აქვს ექსპრეზიდენტის ახალ წამოწყებას იმის გათვალისწინებით, რომ მისი რამდენიმე მსგავსი მცდელობა კრახით დასრულდა, ძნელი სათქმელია.

„ყველა გრძნობს საჭიროებას, რომ შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა", - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქ" ლაივში განაცხადა, სადაც ის ხალხის კითხვებს პასუხობს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, ტექნიკური მთავრობის პერსპექტივაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" რეჟიმის შეცვლის შემდეგ საჭირო იქნება პოლიტიკური ალტერნატივის არსებობა, სანამ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

„საჭირო იქნება ეს პოლიტიკური ალტერნატივა, რაც გვინდა ის დავარქვათ და რა ფორმითაც არ უნდა იყოს. ცხადია, ჩვენ წინ წასული ვიქნებოდით, ეს რომ მომხდარიყო მაშინდელ საპარლამენტო არჩევნებში. არ მოხდა და მე არ მგონია, რომ დღეს ვინმეს ინტერესში იყოს, თუნდაც ჩვენს, ყველას ერთობლივ ინტერესში, რომ ახლა დავიწყოთ იმაზე ჭორაობა, თუ ვინ იყო უფრო წინააღმდეგი და ვინ ნაკლებად. ვიტყოდი, რომ დიდი ენთუზიაზმი არავისგან არ იყო იმიტომ, რომ ეს ტექნიკური მთავრობა უნდა შემდგარიყო არა პოლიტიკოსებისგან, არამედ პროფესიონალებისგან", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შეიქმნა „ქართული ქარტია", რომელიც მოიაზრებდა სამოქმედო გეგმას ოპოზიციონერებისთვს, შემდეგ იყო „წინააღმდეგობის პლატფორმა", სადაც ოპოზიციის ლიდერები მსჯელობდნენ „საერთო საკოორდინაციო ფრონტის" შექმნაზე, თუმცა ზურაბიშილის ორივე ინიციატივას არსებითი პოლიტიკური შედეგები არ მოჰყოლია.

ვინაა თანახმა და ვინ წინააღმდეგი

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ოპოზიციის ერთი ნაწილი იზიარებს. მაგალითად, „კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა:

„ქალბატონი სალომეს ინიციატივა არის ერთობლივი ინიციატივა, ეს მუშავდება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე სამოქალაქო სექტორმა და აქტივისტებმა, დავაანონსეთ 28 ნოემბრის ერთობლივი აქცია და სწორედ ამის გაგრძელება არის. სალომე ზურაბიშვილიც თვლის, რომ ერთობლივი წინააღმდეგობა უნდა არსებობდეს, რომელიც შექმნის „ქართული ოცნების" ალტერნატივას. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს მოლაპარაკებები როგორც სამოქალაქო სექტორთან, ასევე პარტიებთა, ასევე ქალბატონ სალომესთან, არასამთავრობოებთან. ეს არის ერთიანი, კოორდინირებული მუშაობა იმისთვის, რომ ერთობლივი წინააღნდეგობა შედგეს".

თეონა აქუბარდია კი ამბობს, რომ მზად არის სალომე ზურაბიშვილის ახლა ალეტრნატივას შეუერთდეს. ის სხვა ოპოზიციონერებს მოუწოდებს, რომ პერსონალური ეგო გვერდით გადადონ და ქვეყნსი მომავლისთვის გაერთიანებული ძალებით იბრძოლონ.

„დღეს, როდესაც ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ციხეშია და საერთოდ პარტიების აკრძალვაზეა საუბარი, ქვეყანა არის გადასარჩენი და მე ვფიქრობ, რომ პარტიული ეგო იქნება ეს თუ სხვა პიროვნული სუბიექტური ფაქტორები, უნდა იყოს უკან გადადებული, რადგან კიდევ უფრო მკაფიოა ის საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრება რუსეთის გავლენის სფეროში გაფორმების სახით, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. ამიტომ ალტერნატივა, რაც არ უნდა დაარქვა, არის მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ახლა მთავარი დაკვეთა საზოგადოების, იმისთვის, რომ პროტესტის აკუმულირება და გაზრდა მოხდეს. დიდი სიამოვნებით ჩავერთვები იმისთვის, რომ საბოლოო გავიდეთ შედეგზე", - ამბობს თეონა აქუბარდია.

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში კი აცხადებენ, რომ ამ წამოწყებას არ უერთდებიან და სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არ იმუშავებს.

„ვერ წარმომიდგენია, თუმცა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს არავინ უშლის შექმნას ტექნიკური მთავრობა მაშინ, როდესაც ის ამას საჭიროდ ჩათვლის. ჩვენ არც თავის დროზე ვიყავით ამ იდეის მომხრე - არაპრაგმატულ და არარაციონალურ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია. ამ რეჟიმის წინააღმდეგ სრულიად განსხვავებული ბრძლაა საჭიროა. ყველას თავისი გზა აქვს და მათ შორის ვიღაცისთვის შეიძლება გამოსავალი ტექნიკური მთავრობა იყოს, თუმცა ჩვენ ამის ნაწილი არ ვიქნებით", - აცხადებს გიორგი შარაშიძე.

იმუშავებს თუ არა ახალი პლატფორმა

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ტექნიკურ მთავრობას მაინცდამაინც კარგი იდეად არ მიიჩნევს:

„შეიქმნება თუ არ შეიქმნება, ეს ნამდვილად არ ვიცი, რადგან მე პირადად ამ საქმეში ჩართული არ ვარ. თუ ტექნიკური მთავრობა იქნება იდეა, ეს არ იმუშავებს.

„ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება აშკარად საჭიროა, რადგან ძველი პოლიტიკური ძალები თვითლიკვიდაციის პროცესში არიან. ახლა რასაც ვუყურებ, რუსთაველის გამზირის აქტივობა არის მთელი პოლიტიკური პროცესი, ხომ? სხვა არაფერი, სხვას მაინცდამაინც არავინ არაფერს აკეთებს და თუ რამეს აკეთებენ, ჩვენ, საზოგადოება, ვერ ვიგებთ. ასე რომ, ეს ნამდვილად საჭიროა."

დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახლა არსებულ დაპირისპირებაში არათუ ტექნიკური, არამედ რეალური ჩრდილოვანი მთავრობის შექმნაა აუცილებელი:

„ასეთი ტიპის დაპირისპირებაში ტექნიკური კი არა, რეალური ჩრდილოვანი მთავრობაა საჭირო, რომელიც რეალურად აიღებს ქვეყანაზე პასუხიმგებლობას. მხოლოდ ეს იქნება ალტერნატივა. ვერ იქნება არსებული ხელისუფლების ალტერნატივა რაღაც ისეთი მთავრობა, რომელიც იტყვის, რომ მე ცოტა ხნით მოვალ და მერე მივდივარ."

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ზოგადად ექსპრეზიდენტს ზურაბიშვილის წამოწყებებს არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს:

„ყველას გვახსოვს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომლებიც ბოლო წლებში გააკეთა, მათ შორის ტექნიკურ მთავრობებზეც უსაუბრია. გვახსოვს ქარტია, სადაც იდგნენ ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის ისინიც, ვინც მას უწოდებდნენ რუსეთის ჰიბრიდული ომის იარაღს საქართველოს მიმართ, სხვა სიტყვებით ამკობდნენ, რომლებსაც ვერც კი გავიმეორებ, ტაშს უკრავდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერზე მიდიან, ოღონდ ზედაპირზე იტივტივონ და ტელევიზიებში გამოჩნდნენ.

„აქაც იგივეა, არავითარი მომავალი სალომე ზურაბიშვილის არცერთ პროექტს არ აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ მას აქვს ძალიან დიდი დესტრუქციული მუხტი. გამორიცხულია, რომ ამის გარშემო და მისი იდეებით რაიმე შეიქმნას."

„შეიძლება ფორმალურად რაღაც შეიქმნას და „ტელე-პერფორმანსისთვის" ეყოთ. სადღაც, რომელიღაც დარბაზში შეიკრიბებიან, ერთად დადგებიან, როგორც იციან ხოლმე. რამდენი გვახსოვს ასეთი რამ, შექმნილი და გამოცხადებული, მაგრამ სტრუქტურა, რომელიც იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში და ექნება რეალური ძალა პოლიტიკაში, ეს არის გამორიცხული. შევქმენით ეს, შევქმენით ის - ეს შეიძლება ხშირად ვნახოთ, მაგრამ ამას არაფერი არ მოჰყვება"-განაცხადა მამრაძემ.

გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე

პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ ეს ახალი პლატფორმა რაიმე მნიშვნელოვან გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე ვერ მოახდენს.

„ამ ეტაპზე არ მგონია, რომ ვინმეს უნდოდეს სალომეს გვერდით გამოჩენა და სალომეს გვერდით თამაშები, რომლებსაც არაფერი შედეგი არ აქვს სამომავლოდ. ასე რომ, ეს ყველაფერი არანაირად არ აისახება პოლიტიკურ პროცესებზე, რეალური გავლენა ამას არ ექნება", - განაცხადა მამრაძემ.

დავით ზურაბიშვილიც ხაზგასმით ამბობს, რომ „ტექნიკურ მთავრობას პოლიტიკურ პროცესებზე არანაირი გავლენა არ ექნება", ხოლო კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება ამ იდეის გარშემო გაერთიანდეს ზურაბიშვილთან, პასუხი არა აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×