
ათენის საერთაშორისო აეროპორტში, „ელეფთერიოს ვენიზელოსში“ პოლიციამ 29 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. მასზე გაცემული იყო ორდერი ბანდის შექმნისა და ქურდობის განსაკუთრებულ შემთხვევათა ბრალდებით. ახალგაზრდა მამაკაცი ათენში ბუდაპეშტიდან ჩაფრინდა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, 29 წლის ქართველი საერთაშორისო „მობილური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის“ წევრი გახლდათ, რომელიც ძარცვებსა და ქურდობებს ცენტრალური ათენის პრესტიჟულ უბნებში - აკროპოლისსა და კოლონაკში - ახორციელებდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი 2020 წლის აგვისტოსა და 2022 წლის აგვისტოში, სულ მცირე, სამ ძარცვაში მონაწილეობდა. ამ საქმეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი იყო ყოფილი ანტიკორუფციული პროკურორის, ელენი ტულუპაკის სახლის გაქურდვა. როგორც პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამივე შემთხვევაში, დაკავებულთან ერთად, კიდევ ორი უცნობი თანამზრახველი მონაწილეობდა.
ბერძნული მედია ხაზს უსვამს დაჯგუფების წევრების პროფესიონალიზმს და გადაწყვეტილების მიღების სისწრაფეს, ვინაიდან ისინი არ ერიდებოდნენ ერთი და იმავე საცხოვრებელ კორპუსში ორი ბინის გაქურდვას. განსაკუთრებული იყო მათი ტექნიკური ოსტატობა საკეტების გაღებისას - ჩადენილი ძარცვის არც ერთ შემთხვევაში არ აღმოჩენილა შეღწევის ხილული კვალი.
გამოძიებით დადასტურდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის მოქმედება ევროპულ დონეზე ვრცელდებოდა. ევროპულ და საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული მსგავსი დანაშაულებისთვის ავსტრიაშიც იყო შემჩნეული.
დაკავებისას, მას ჩხრეკის შედეგად ამოუღეს: 500 ევრო და 100 აშშ დოლარი; პორტატული ელექტრონული კომპიუტერი;მობილური ტელეფონი; სლოვაკეთის სამართალდამცავი ორგანოების პირადობის მოწმობა, რომლის წარმომავლობა ამჟამად მოწმდება. დაკავებული ქართველი სასამართლოს შესაბამის საპროკურორო ორგანოს გადაეცა.