რეზონანსი
14.11.2025

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ გირაოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფის გადაწყვეტილება ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ამ საქმეში „არაფერი უჩვეულო არ მომხდარა“.

ამასთან, როგორც ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ძვირადღირებული ნივთები, ოქროს ნაკეთობების ჩათვლით, რომლებიც გამოძიებამ ამოიღო, არ ეკუთვნის არც ირაკლი ღარიბაშვილს და არც მის ოჯახის წევრებს.

„არაფერი უჩვეულო არ მომხდარა. პრაქტიკაში, ბრალდებულთა უმრავლესობა, ვისაც გირაოს სახით ფულადი თანხა აქვს შეფარდებული და ეს თანხა არის სოლიდური, ყველა ახდენს საკუთარი საცხოვრებელი სახლით ან სხვა უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას. როგორც წესი თუ ქონების ღირებულება შეესაბამება გირაოს ოდენობას ან აღემატება, სასამართლო აკმაყოფილებს მიმართვას. ბუნებრივია, რომ თანხის მოცულობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ეს ალტერნატივა იქნა მიღებული.

თანხა, რომელიც ამოღებულ იქნა ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად, ბუნებრივია, არის მტკიცებულება და მისი გამოყენება გირაოს უზრუნველსაყოფად ვერ გამოდგებოდა.

ასევე ვიტყვი, რომ არც ერთი ძვირადღირებული ნივთი: ოქროს ნაკეთობები, მითუმეტეს ზოდები, არც ერთი ეს ნივთი არ არის არც ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილება და არც მისი ოჯახის წევრების. ყველა ეს ნივთი ამოღებულ იქნა სხვა პირთა ჩხრეკის შედეგად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილის სისხლის სამართლის საქმესთან პირდაპირი და ირიბი შემხებლობა არ გააჩნია“,- განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, რა ეტაპზეა გამოძიება, ადვოკატი პასუხობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ყოფილი პრემიერი პირველივე დღიდან თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან.

„გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეულ კომენტარებს ვერ გავაკეთებ. ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედები მიმდინარეობს. ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან გამოძიების დაწყების პირველივე დღიდანვე. ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ იქნა გამოყენებული გირაო. პროცესუალური სტანდარტი ასეთია - თუ პირი არაძალადობრივ დანაშაულებზე თანამშრომლობს გამოძიებასთან, მზად არის მნიშვნელოვანი გირაოს ან უძრავი ქონების ვალდებულებით დატვირთვის, თუ არ არსებობს სხვა ხელის შემშლელი ფაქტორი, მისი წარსული, სწორედ ამიტომ იქნა გამოყენებულ ასეთი აღკვეთი. ჩვენ არ გვსურს, რომ ამ საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით არსებობდეს კითხვები. ყველა ერთად დავინახავთ ამ საქმის სამართლებრივ შედეგს.

ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს იმ გარემოებას, რაც ბრალშია მითითებულია, რაც არის შემდეგი: როდესაც პირველად, 2016 წელს, გადადგა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და წავიდა კერძო სექტორში, ხოლო მას შემდეგ, რაც ისევ დაბრუნდა საჯარო სექტორში, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე, ის აგრძელებდა ბიზნეს საქმიანობას და მას ჰქონდა გარკვეული შემოსავალი, ეს ბრალია წარდგენილი მის წინააღმდეგ. ეს არ უკავშირდება ბიუჯეტის თანხების მითვისებას, გაფლანგვას ან კორუფციულ დანაშაულს“,- განაცხადა ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×