რეზონანსი
14.11.2025

აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენი საერთო თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ენერგეტიკული სექტორი, გვაქვს გრძელვადიანი პროექტები და ძალიან ფართო თანამშრომლობა ამ მიმართულებით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალში.

მისი ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში განიხილეს „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს აკავშირებს.

შაჰბაზოვის განცხადებით, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დასრულება მომავალი წლის პირველ კვარტალში იგეგმება, რაც უკვე ახალ პერსპექტივას შექმნის ინვესტიციებზე დისკუსიის დასაწყებად.

„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ენერგორესურსები, კერძოდ, ელექტროენერგია, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ევროკავშირში გავაგზავნოთ და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროპის კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა.

თბილისში გამართულ მე-11 მინისტერიალში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდენ. ღონისძიებას ასევე აღნიშნული ქვეყნების ელჩები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×