თამთა ჩაჩანიძე
14.11.2025

შეუძლია თუ არა საჯარო მოხელეს მეორე სამსახური ჰქონდეს - ამ საკითხზე ორი კვირაა ახალმა კანონმა უკვე პასუხი გასცა. მმართველი პარტიის შეფასებით, ახალი რეგულაციები საჯარო სამსახურებში „მეტ კეთილსინდისიერებასა და ანგარიშვალდებულებას" დაამკვიდრებს, თუმცა ჩამონათვალში მოხვდნენ ისეთი სფეროები, რომელთა წარმომადგელების მხრიდან უკმაყოფილება წამოვიდა და ეს მათთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.

ახალი კანონი უკვე ორი კვირაა მოქმედებს, რომლის მიხედვით, საჯარო მოხელეებს ერთზე მეტ ანაზღაურებად სამსახურში მუშაობა ეზღუდებათ. 1-ელი ნოემბრიდან შესული ცვლილებების მიხედვით, თუ საჯარო სამსახურში დასაქმებულმა კანონით განსაზღვრული ნორმები დაარღვია, ის არა მხოლოდ დაკავებულ პოზიციას დატოვებს, არამედ საჯარო სამსახურში მუშაობა ორი წლით აეკრძალება და დაეკისრება იმ თანხის ბიუჯეტში დაბრუნება, რაც იმ დროის განმავლობაში მიიღო, როდესაც არ ჰქონდა უფლება სხვა სამსახურშიც ემუშავა.

ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში შევიდა. ის არ ეხება პრეზიდენტს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს. დანარჩენ საჯარო მოამსახურეებისთვის, მაგალითად, პედაგოგებისთვის, მეცნიერებისთვის და ა.შ. საჭიროა მეორე სამუშაოსთვის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა, რომელიც ერთჯერადად გაიცემა მაქსიმუმ ერთი წლის ვადით. წერილობითი ნებართვის მექანიზმი მოსამართლეებზეც ვრცელდება. ასეთი ნებართვა არ ესაჭიროებათ სახელმწიფო-პოლიტიკური და პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ხელმძღვანელის უარის გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონის მესამე თავის (თანამდებობრივი შეუთავსებლობა) მეცამეტე მუხლში ვკითხულობთ, რომ პირი უნდა „ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით და სპორტულ საქმიანობებს მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე."

28 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა დადგენილება, რომელმაც განსაზღვრა, რომელი სფეროებშია დაშვებული შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო. მათ შორისაა:

ურბანისტი/სივრცითი და ურბანული მკვლევარი/სივრცითი და ურბანული მგეგმარებელი; არქიტექტორი, სამოქალაქო ინჟინერი/მშენებელ-ინჟინერი, წყალარინების სისტემების ინჟინერი/ტექნოლოგი, საინჟინრო გეოლოგი;

ბიომრავალფეროვნების სპეციალისტი, ჰიდრობიოლოგი, აკვაკულტურის სპეციალისტი, აგრონომ-ბოტანიკოსი ექსპერტი, ეკოლოგი;

მეტეოროლოგი, ქიმიკოსი, კლიმატოლოგი, სასმელი წყლის რესურსებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის ინჟინერი; ექსპერტი;

იქთიოლოგი, მეფუტკრე, სურსათის ტექნოლოგი , მევენახე, მეღვინე/ენოლოგი, აგრონომი, ომელიე/დეგუსტატორი, მეტყევე;

ანალიტიკოსი/ანალიტიკა, საინფორმაციო სისტემის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი, ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი, პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის მართვის სპეციალისტი;

ფინანსური ანგარიშგების სპეციალისტი, ბიზნესისა და არამატერიალური აქტივების შემფასებელი, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ოფიცერი/ სპეციალისტი;

ექიმი, ექთანი, ბებიაქალი - მეან-ექთანი, უმცროსი ექიმი, ექთნის დამხმარე, სანიტარი, ლაბორანტი, ჰისტოლოგი, ფარმაცევტი;

ფსიქოლოგი, მომვლელი აღმზრდელი, სოციალური აგენტი, ოკუპაციური თერაპევტი;

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი, საგამოცდო პროცესის მეთვალყურე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შემქმნელი, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური;

მეკოსტუმე/გრიმიორი/ჩამცმელი, მეგარდერობე, ფონდის/საცავის/ექსპონატის მცველი/მეთვალყურე, დეკორატორი, მოკარნახე/სუფლიორი, მკერავი, ხარაზი, მოდელიორი, დურგალი, ზეინკალი.

განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ეს აკრძალვა საჯარო მოხელეებს ეხებათ და წესით საჯარო მოხელე არც სკოლის პედაგოგი და მისი დირექტორია და არც უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორი და რატომ ეხებათ ეს აკრძალვა ამ სფეროს წარმომადგენლებს, ექსპერტს პასუხი არ აქვს. მისი თქმით, მაგალითად, მასწავლებლებს ორ და მეტ სკოლაში მუშაობისკენ თავად სახელმწიფომ უბიძგა, რამდენიმე წლის წინ კადრების მასობრივად გაშვების გამო და ახლა ისინი იძულებულები ხდებიან ერთ სკოლაში და მწირ ხელფასზე დარჩნენ, რაც ნიშნავს, რომ "სასიკვდილოდ იქნებიან განწირული".

„ეს გამოიწვევს იმას, რომ თითქმის ყველა მასწავლებელი ისეთ ხელფასზე დარჩება, რომ სასიკვდილოდ იქნება განწირული, ანუ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი ექნება. თანაც მასწავლებლების მეუღლეების უმეტესობა დაუსაქმებელია, ისინი ოჯახის მარჩენლები არიან. აბსოლუტურად ყველა არა, მაგრამ მასწავლებლების ძალიან მაღალი პროცენტი ორ სკოლაში მუშაობს. რა თქმა უნდა, ეს დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×