
აბაშაში მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული 18 წლის გოგონა, ლიკა კუჭუხიძე, რომლის გადარჩენას უფალს მთელი საქართველო შესთხოვდა, უფლის წყალობით გადარჩა. გოგონა დღეს გამოწერეს კლინიკიდან და ახლა თავის მშობლებთან არის. ორი კვირის შემდეგ ლიკას ხერხემალზე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდება და ახლა მას ამ ოპერაციისთვის მოამზადებენ.
უმძიმესი ავარია, 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მოხდა, რასაც ლიკას მეუღლის, 19 წლის დედისერთა ბიჭის, ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ულამაზესი წყვილი ახალდაქორწინებულები იყვნენ. მათი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა, ამ ზაფხულს ჰქონდათ ქორწილი. როგორც ირკვევა, ტრაგედიის მეორე დღეს ბაჩო ლასარეიშვილი მეგობრის ქორწილში მეჯვარე უნდა ყოფილიყო, ამიტომ მანქანა მას საქორწილოდ ჰქონდა გაწყობილი.
ამ ულამაზეს წყვილთან ერთად დაშავდა ბაჩოს გამზრდელი ბიძა, რომელიც იმ დღეს მართავდა საჭეს. ბიძაც ასევე კლინიკაში იყო მოთავსებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით, თუმცა ის უფრო ადრე გამოწერეს. ადგილობრივი ეკლესიის სტიქაროსანი საბა ზარქუა Ambebi.ge-ს ლიკას მდგომარეობის შესახებ ესაუბრა:
"უფალმა შეისმინა ჩვენი ლოცვა-ვედრება და დღეს ლიკა გამოწერეს კლინიკიდან. საბედნიეროდ ლიკა გადარჩა. ის ახლა უკეთესად არის, სახლშია ამჟამად, მას გაუკეთდება ხერხემალზე დიდი ოპერაცია და დარწმუნებულები ვართ, რომ სრულად გამოჯანმრთელდება.
ახლა სახლში აგრძელებს მკურნალობას. ლიკა სულ კითხულობს ბაჩოს, მან ჯერ არ იცის, რომ მისი საყვარელი მეუღლე ცოცხალი აღარ არის. უთხრეს, რომ ისიც მკურნალობს. ჯერჯერობით არ შეიძლება მისი დატვირთვა ამ მძიმე ემოციებით.
ხერხემლის ოპერაცია რომ ჩაუტარდება და სახლში დაბრუნდება, ამის შემდეგ ეტყვიან ამ უმძიმეს ამბავს. ამ ეტაპზე, ოპერაციამდე ექიმმაც აუკრძალა ოჯახს, რომ ეს უთხრან, ნერვიულობა არ შეიძლება. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს დღეები ჩვენს გვერდით იდგა, ლოცულობდა და ლიკას გამოჯანმრთელებას სთხოვდა უფალს.
ბაჩოს ამბავს ოპერაციის მერე ეტყვიან, ახლა ინტერნეტთან და ტელეფონთან წვდომა მას არ აქვს. ის დაზიანებები რაც ჰქონდა, შეუხორცდა ამ დღეების განმავლობაში. გული გვტკივა, რომ მათი საოცარი სიყვარული ასე ტრაგიკულად დასრულდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ჩვენს ტაძარში მოდიოდნენ, ხვდებოდნენ ერთმანეთს და ყველა შენატროდა ამ ლამაზს წყვილს" - განაცხადა საბა ზარქუამ.
წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე