
პროვოკაციული ქმედებები და ცალკეულ ქვეყნებთან ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვის მცდელობა, - მმართველი გუნდი ევროპელი ბიუროკრატების მიზნებზე საუბრობს და გერმანიის ელჩის ქმედებებს სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს. პიტერ ფიშერი, რომელიც გერმანიაში კონსულტაციებისთვის იყო გაწვეული, თბილისში დაბრუნების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მივიდა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ ქმედებით ელჩმა დაარღვია საკუთარი პირობა, რომ თავს შეიკავებდა რადიკალური ქმედებებისგან, ასევე დაირღვა გერმანული მხარისგან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიცემული სიტყვიერი პირობაც.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ უცხოელი დიპლომატის ქმედებები ქართული საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს, თუმცა, მიუხედავად ამისა, პეტერ ფიშერის ქვეყნიდან გაძევება კონტრ-პროდუქტიული იქნება. ამიტომ, ქართული მხარე გერმანიასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩება.
„ეს არის კონკრეტული ძალების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული გარკვეული ქმედებები, რასაკვირველია, "დიფ სთეითის" ხელიც ურევია, ეს მისი საქმიანობის ერთ-ერთი სეგმენტია. გლობალური დაპირისპირების სცენარში მოიაზრება, რომ საქართველოსთან ურთიერთობები უნდა გაფუჭდეს არა მარტო ბრიუსელის, არამედ გერმანიის მხრიდანაც. იგივე კონტექსტში უნდა განვიხილოთ სხვადასხვა საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მოუწოდებდნენ რევოლუციისა და სისხლისღვრისაკენ იგივე გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლები, მაგალითად, გვახსოვს მიხაილ როთი. ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, მაგრამ არ უნდა დავუშვათ ვითარების გამწვავება, ვინაიდან სცენარში სწორედ ეს უწერიათ მათ“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი.