
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველო სანდო და პროაქტიული პარტნიორია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შეთანხმების განხორციელებაში და მტკიცედ უჭერს მხარს აღნიშნული დერეფნის ხედვას, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპულ მწვანე შეთანხმებასა და სათბურის გაზების ემისიების შემცირების საერთო მიზნების მიღწევაში.
ამ საკითხებზე მარიამ ქვრივიშვილმა „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში გაიმართა.
„საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა აქვს, ხელი შეუწყოს რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც აძლიერებენ ურთიერთდაკავშირებასა და მდგრადობას. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც მწვანე ენერგეტიკული დერეფნის თანამშრომლობის საფუძველი გახდა, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით აქტიურად გრძელდება. სრულმასშტაბიანი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დასრულების შემდეგ, ამჟამად მიმდინარეობს მზადება ფსკერის დეტალური კვლევებისთვის - ეს არის გარდამტეხი ნაბიჯი, რომელიც გზას გაუხსნის განვითარების მომდევნო ფაზას“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების მონაცემები გაზიარებული იქნება მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტისთვის მონაწილეებისთვის, რაც შექმნის სინერგიას და ამავდროულად, გააძლიერებს ტრანსრეგიონული მწვანე ენერგეტიკული ქსელის ფართო ხედვას.
მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მინისტერიალში, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ასევე აღნიშნული ქვეყნების ელჩები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.