
მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ დღეს გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, 2050 წლისთვის საქართველოს შეუძლია მშპ-ის 4%-მდე ზრდა და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა გონივრულ განვითარებაში ინვესტირებით, რაც აამაღლებს მდგრადობას და განაპირობებს ემისიების პასუხისმგებლობიან მართვას - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ინვესტიციები ადაპტაციაში, სუფთა ენერგიაში და გონივრულ სოფლის მეურნეობაში შესაძლებელს გახდის პროდუქტიულობის, კონკურენტუნარიანობის და მომავალი შოკების მიმართ მდგრადობის ამაღლებას.
„მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ დღეს გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, 2050 წლისთვის საქართველოს შეუძლია მშპ-ის 4%-მდე ზრდა და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა გონივრულ განვითარებაში ინვესტირებით, რაც აამაღლებს მდგრადობას და განაპირობებს ემისიების პასუხისმგებლობიან მართვას. საქართველოსთვის მომზადებული კლიმატის და განვითარების ანგარიში (CCDR) ქვეყნისთვის განსაზღვრავს მთავარ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ელექტროფიცირებული ტრანსპორტის, ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის სფეროებში. ამჟამად, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის 74%-ის წყაროა ჰიდროენერგია - ერთ სულ მოსახლეზე ემისიების მაჩვენებელი 32%-ით დაბალია ევროკავშირის საშუალო მონაცემებთან შედარებით. უფრო მართვადი ემისიების დონის მიღწევას 2050 წლისათვის, 4.4 მლრდ. აშშ დოლარით მეტი ინვესტიციის განხორციელება დასჭირდება ენერგეტიკაში, საქართველოს ინტეგრირებული ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის ფარგლებში არსებულ ღონისძიებებთან შედარებით. თუმცა, აღნიშნული შესაძლებელს გახდის 6 მლრდ. აშშ დოლარის მოცულობის საერთო სისტემური ხარჯების დაზოგვას, იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას და ენერგოუსაფრთხოების ამაღლებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ანგარიშის თანახმად, განახლებადი ენერგიის მიქსის 15 გიგავატამდე გაზრდა და დივერსიფიკაცია ხელს შეუწყობს ენერგეტიკასთან დაკავშირებული ემისიების და იმპორტის შემცირებას, ენერგოსექტორში სამუშაო ადგილების 21%-ით ზრდის პარალელურად, რაც, გაცილებით მეტ ინვესტიციას მოითხოვს შრომითი რესურსების კვალიფიკაციის ამაღლებაში მაღალტექნოლოგიურ სამუშაო ადგილებზე დასასაქმებლად.
„მდგრადობის ამაღლებას და ემისიების პასუხისმგებლობიან მართვას შეუძლია საქართველოს დახმარება მშპ-ის ამაღლებაში, ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნაში, გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაში და სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის სექტორებში სამომავლო შოკების მიმართ დაცვაში, თუ სათანადო პოლიტიკა იარსებებს შრომითი რესურსების მობილობის და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
მისივე თქმით, განახლებად ენერგიაში, თანამედროვე ირიგაციაში, კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაში და მდგრად ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს ქვეყნისა და მისი მოსახლეობისთვის ფართო და გრძელვადიანი სარგებლის მოტანა შეუძლია შედარებით მოკრძალებული ხარჯებით. ამასთან, მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით, დამატებითი რეფორმებია საჭირო ფართომასშტაბიანი ინვესტიციების მოსაზიდად და ფინანსური მედეგობის მისაღწევად.
ანგარიში ხაზს უსვამს ყოვლისმომცველი რეფორმების პაკეტის არსებობის საჭიროებას, რომლის მიზანიც საქართველოში მდგრადი ინვესტიციების ზრდა იქნება.