
პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანებისთვის კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებისას მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. მანამდე, საპატიმრო დატოვა საქმეზე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა საბა მეფარიშვილმა.
საპატიმროსთან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ოკრიბელაშვილმა და მეფარიშვილმა პატიმრობისას შეძენილი ნივთები, მაცივარი და ტელევიზორი, საპატიმროდან უკან წამოიღეს. ამას სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა. ამ თემაზე ნანუკა ჟორჟოლიანი პოსტს აქვეყნებს:
„წარმოიდგინეთ, რომ 18 წლის ასაკში მშობლებს რომ ყოფა შეუმსუბუქო, თბილისის ზღვას ცუდი ბალახებისგან წმინდავ. ფიზიკურად შრომობ. ამაში კი ცოტას გიხდიან, მაგრამ პურის ფული გაქვს, ან ავადმყოფ მამას უკიდურესი გაჭირვების გამო ვერ ეხმარები. მიწურში ცხოვრობ, სადაც იატაკი მიწაა და სახლში სულ ტალახია.გშია. წამლის ფული არ გაქვს.ამ დროს, შენხელა ადამიანების ტალღაში ეხვევი. უსამართლობის გამო ეჯაჯგურებით რკინის ღობეს. მეტს არაფერს აშავებ. უბრალოდ, რკინის ღობეს ეჯაჯგურები, ხალხო! რკინის ღობეს!! 400 ლარს არ სცდება „ქოცების“ მიერ დათვლილი ზარალიც კი და ამ დროს გისჯიან პატიმრობას.
იქ გკეტავენ, სადაც მკვლელებს, პედოფილებს, ტერორისტებს. ყველას, კორუმპირებული ქოცების გარდა. ბოლომდე იხდი სასჯელს. მაგალითად საბას შემთხვევაში იძულებული ხარ საპროცესო გააფორმო, რადგან გიმტკიცებენ, რომ თანამებრძოლს შენს გამო უწევს პატიმრობა. გამოდიხარ ციხიდან და მთელი პროპაგანდა ქურდულით გთხოვს პასუხს, რომ ტელევიზორი და მაცივარი სხვებისთვის უნდა დაგეტოვებინა, ანუ პრობლემა ამაში დაინახეს... მანამდე ხმა არ ამოუღიათ, თორემ არავისთვის ეგ კადრი მისაღები არ იყო. ყველამ ვიცით რომ ეგ ნივთები შიგნით უნდა დარჩენილიყო. მაგრამ რა მაცივარი, რა ტელევიზორი ხალხო! რისთვის ისხდნენ ციხეში თითქმის ორი წელი ამაზე ვწეროთ სტატუსები“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.