
მმართველი პარტია ბერლინთან გაუარესებული ურთიერთობის ფონზე, გახარიას ექსტრადირების მოთხოვნას არ გამორიცხავს. რეაგირება როგორი იქნება ამის პროგნოზირება ანალიტიკოსების ნაწილს უჭირს, თუმცა როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, გერმანია ერთ-ერთი „მომხრეა იმ ზეწოლისა", რასაც ევროპული სტრუქტურები საქართველოს ხელისუფლებაზე ახორციელებენ.
„გახარიას მიმართ დამოკიდებულების გამწვავება შეიძლება ამ ნაბიჯითაც იყოს განპირობებული, რომ ის იმ პროცესების ცენტრში ზის, რომელიც ხელისუფლების ინტერესებს ურტყამს", - უთხრა „რეზონანსს" ანალიტიკოსმა.
სასამართლომ გახარიას დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა 20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეზე. პარტიაში აღნიშნულს პოლიტიკურ დევნად აფასებენ და აცხადებენ, რომ პროკურატურა მათი ლიდერის ექსტრადირებას ვერ მოახერხებს. ზოგადად ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ორივე საქმეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასაც ეკისრება, რადგან ამ მოვლენების შემდეგ გახარია პრემიერად დააწინაურეს.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ექსტრადირების „იმედი ნაკლებია".
„გიორგი გახარიამ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა 20 ივნისის აქციის დაშლის მართვაზე. იმედი ნაკლებია, რომ გერმანიაში კანონის უზენაესობას პატივს სცემენ და ადამიანს გადასცემენ ქართულ მართლმსაჯულებას, ვნახოთ",- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ორივე საქმეზე ყოფილ პრემიერს პროკურატურამ ბრალი 12 ნოემბერს წარუდგინა და 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გახარიას საქმეში ეს სირთულეა, რომ იმ მოვლენების მერე, რაზედაც მას პატიმრობა შეფარდა, პრემიერ-მინისტრობის პოსტზე დააწინაურეს. მისი თქმით, შესაძლოა ადრე გადაცდომები არ იყო გამოვლენილი, თან ხელისუფლება ყველაფრის მიმართ ახლა უფრო მკაცრია.
„მაგ საქმეში ეგ სირთულეა, რაც მომხრეებმა აღნიშნეს, (რომ ამ მოვლენების შემდეგ. პრემიერობის პოსტსზე დააწინაურეს), მაგრამ ის მხარეც არის, რომ შეიძლება ადრე არ იყო გამოვლენილი ღალატისა, თუ სხვა დარღვევების თვალით დანახული მისი მოღვაწეობა და ამიტომ გადაიდგა შემდგომ ის ნაბიჯი, რომ დააწინაურეს.
„თან ვატყობთ, რომ ხელისუფლება ყველაფრის მიმართ ახლა უფრო მკაცრია, მათ შორის, თავის მომხრეების მიმართ. ხომ ვხედავთ, რომ ანალოგიური მდგომარეობა, რომ ადრე არ ამჩნევდა და ახლა შეამჩნია ცოდვები, გამოვლინდა ისეთი მომხრეების მიმართ, რომლებიც აგრეთვე იყვნენ საკვანძო თანამდებობებზე, მათ შორის ღარიბაშვილი. ეს სტილი, რომ ადრე შეიძლება თვალს ვხუჭავდი და ახლა ვამწვავებ ურთიერთობას, შესაძლოა ხელისუფლების მხრიდან დღევანდელი პოლიტიკის გამოვლენა უფრო იყოს, ვიდრე იმისა, კონკრეტული ბრალდება აბსურდულია თუ არა. ეგ იურისტების საქმეა და მე მგონი ვერც პოლიტიკოსები იტყვიან ზუსტად ვერაფერს."
კითხვაზე, რატომ ამწვავებს და ამკაცრებს მიდგომებს ხელისუფლება, რა შეიძლება იყოს ამის მთავარი მიზეზი, საყვარელიძემ გვითხრა:
„ხელისუფლებას ჰქონდა მოლოდინი, რომ უკრაინაში ომი დასრულდებოდა, ეს არ მოხდა და გრძელდება. ჰქონდა იმედი, რომ ტრამპის მოსვლა მისადმი ევროპის დამოკიდებულებას შეცვლიდა და ესეც არ მოხდა. ევროპა კრიტიკულია არათუ საქართველოს, არამედ თვითონ ტრამპის მიმართაც და ახლა საქართველოს ხელისუფლებას თავის ბედზე ზრუნვა პრაქტიკულად თავის რესურსებით უწევს. არადა დასავლეთის ულტრალიბერალური წრეები ცდილობენ, რომ ხელისუფლება შეცვალონ. ამდენად ეს ზრუნვა ხელისუფლების მხრიდან, საკუთარ თავზე ზრუნვაცაა და იმისთვის, რომ დასავლეთის ზეწოლას წინააღმდეგობა გაუწიოს, ხელისუფლებამ თვითონ აიღო კურსი ზეწოლაზე, რომ რასაც დასავლეთი თავისთვის მნიშვნელოვნად და მხარდამჭერად მიიჩნევს, ყველაფერ ამას თვითონ ხელისუფლება უპირისპირდება.
„გახარია დღეს გერმანიაშია და გერმანია ერთ-ერთი მომხრეა იმ ზეწოლისა, რასაც ევროპული სტრუქტურები საქართველოზე ახორციელებენ. გახარიას მიმართ დამოკიდებულების გამწვავება შეიძლება ამ ნაბიჯითაც იყოს განპირობებული, რომ ის იმ პროცესების ცენტრში ზის, რომელიც ხელისუფლების ინტერესებს ურტყამს."
საყვარელიძემ ისაუბრა სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზეც, მისი თქმით, შეიძლება საგარეო ფლანგიდან ამას რეაქცია მოჰყვეს. ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამით დასავლეთის იმ ჯგუფებს გასცა პასუხი, რომლების ინტერესებშიც სააკაშვილი ფიგურირებს, და ალბათ ამ კონტექტში მოიაზრება პაპუაშვილის განცხადებაც, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს: „ალბათ სანახავია, რა დაჯდა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნა, შემდეგ მივაკითხოთ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც ეს ხარჯები ქართველ ხალხს უნდა აუნაზღაურონ".
„შეიძლება რეაქცია მოჰყვეს, ისევ და ისევ გააჩნია ნიავქარი საიდან დაუბერავს და რამდენად ძლიერი იქნება ეს, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ჯგუფებმა, რომლებმაც ბოლო ხანებში საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასება გამოაქვეყნეს, იქ, იმ ჯგუფების ინტერესებში სააკაშვილიც ფიგურირებდა, ხელისუფლებამ კი გასცა პასუხი და სააკაშვილი ციხეში გადაიყვანა. ასე რომ, ჩემი აზრით, ის პროცესი გრძელდება, რომ ხელისუფლება დარტყმაზე დარტყმით პასუხობს. პაპუაშვილის განცხადებაც მე მგონი ამ კონტესტში ჯდება",- განაცხადა საყვარელიძემ.