
ონლაინგამოცემა პრაიმ ტაიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციას 13 ნოემბრის ბრიფინგზე წასაკითხი დოკუმენტი ბრიუსელიდან გამოუგზავნეს, ისევ განხილვის ეპიცენტრშია. ოპოზიცია ამ ყველაფერს აბსურდულ ბრალდებას უწოდებს, ხელისუფლება კი გარე დირექტივებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამჯერად უკვე ფაქტებით დადასტურდა, რომ ოპოზიციას „გარედან კარნახობენ".
შეგახსენებთ, პრაიმ ტაიმმა ხუთშაბათს 15:00 საათზე გაავრცელა დოკუმენტი, რომელიც, მათივე თქმით, ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს. (საუბარია 28 ნოემბრის აქციის ანონსის ტექსტზე), გამოცემის ცნობით, დოკუმენტში არსებულ ტექსტს ოპოზიციის წევრები უცვლელად წაიკითხავდნენ. 15:09 საათზე ლევან ჯობავამ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების და აქტივისტების ბრიფინგზე, წაიკითხა ტექსტი რომელიც მანამდე ვრცელებული ტექსტის იდენტური იყო.
ნაცმოძრაობის წევრები ამას არაადეკვატურ ბრალდებას უწოდებენ.
„ჩვეულებრივ კომედიაა, რომ თითქოს ევროპელი ბიუროკრატები და ევროპელები წერენ საქართველოში აქციის ტექსტებს. ეს გახლავთ აბსოლუტურად არასერიოზული. გეტყვით, როგორ ხდება აქციის ტექსტის შემუშავება, ევროპელი ბიუროკრატები არ წერენ. თუ გჯერათ ისეთი საოცრებები, რომ მასონები წერენ, ილუმინატები წერენ ამ პოსტებს, არ ვიცი, მაშინ, ეს ასე არ გახლავთ. სინამდვილეში, უფრო მეტად, ერთი კონკრეტული ადამიანი წერს და შემდგომში „ჩატში" სხვადასხვა ადამიანები ასწორებენ და მერე, ამ ტექსტის სხვადასხვა ვერსიები იქმნება-ხოლმე. თქვენ თუ გჯერათ ივანიშვილის ზღაპრების, რომ ილუმინატები, მასონები, ევროპარლამენტარები წერენ ტექსტებს საქართველოში აქციებისთვის, შეგიძლიათ დაიჯეროთ. სამწუხაროა, რომ ამ ასაკში ასეთი ზღაპრების გჯერათ", - განაცხადა ენმ-დან ირაკლი ფავლენიშვილმა.
„კოალიცია ცვლილებებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა კი სოციალურ ქსელში მოკლე პოსტი გამოაქვეყნა.
„იმედი" მომადგა, ბრიუსელიდან ტექსტზე კომენტარი უნდოდათ, ანუ იმ ტექსტზე, რომელიც გუგლ თრანსლეითით არის ნათარგმნი და სათაურად აწერია ,,28 November action." ბრიუსელში ინგლისური იციან და მასეთ ტექსტებს არ წერენ თქო, არ ესიამოვნა, არადამაკმაყოფილებელი პასუხი იყო როგორც ჩანს," - დაწერა ბუტიკაშილმა.
ამ ამბებს გვერდი არ აუარა „ფედერალისტმა" თამარ ჩერგოლეიშვილმაც.
„შეიძლება რომელიმე ჩათში ჰყავთ სუს-ის შეყუჟული აგენტი და იქიდან მოიპარა, წავიდა, თარგმნა და გამოქვეყნდა რეალურად ბრიფინგამდე. საქმეც როგორ იყო, იცით? გიგა ლემონჯავა წერდა და ღამით უნდა ჩაეგდო, ვერ მოასწრო და ბოდიშს იხდის ჩათში, ღამით ვერ ჩავაგდე, ვერ მოვასწარი, რაღაც საქმეები მქონდაო და დილით ჩააგდო. მინდა, კობახიძემ, მდინარაძემ, ბიძინა ივანიშვილმა იარონ იმ სიმართლით, რომ ეს ტექსტი ვინმემ ბრიუსელიდან მოგვაწოდა და ჩვენს თავებში არ დაიბადა და ყოველდღე ამას არ ვლაპარაკობთ ტელევიზორში. როგორც ჩანს, რომელიმე ჩათიდან გავიდა, არაფერი საიდუმლო ამაში არ ყოფილა, რადგან ტექსტი, რომელიც საიდუმლოა, 30 ჩათში არ ტრიალებს", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
„კიდევ ვინმეს რჩება კითხვა?"
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშილიც თქმით, ეს ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ პროცესები გარედან იმართება.
„ეს არის პირდაპირ ყოველდღიური პროცესების ხელით მართვა გარედან, სადაც თითოეული სიტყვა წინასწარ არის ნაკარნახევი. თითოეული ნაბიჯი გათვლილია, ასე მოქმედებს დღეს რადიკალური ოპოზიცია და გარედან დაქირავებული „ენჯეოები". ეს რა თქმა უნდა, სამარცხვინო ფაქტია, თუ რასთან აქვს საქმე. 21-ე საუკუნის საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, ჩვენ გვყავს ჩვეულებრივი მარიონეტები ქართული გვარ-სახელებით და პასპორტებით, რომლებიც გარედან იმართებიან იმისთვის, რომ დააზიანონ საკუთარი ქვეყანა. ასე უნდა შეხედოს საზოგადოებამ ამ მარიონეტების ჯგუფს, რომ მათი ერთადერთი მიზანი არის ჩვენი ქვეყანა ჩააბარონ სხვებს სამართავად."
„ოცნებიდან" ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს, რომ ამიერიდან წესით კითხვები არავის უნდა გაუჩნდეს.
„სასწაული მოხდა „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ, გადაჭარბების გარეშე. ამის შემდეგ თუ ვინმეს კიდევ რამეზე კითხვა რჩება დიპ სტეიტთან თუ მის აგენტურასთან დაკავშირებით, მან საკუთარ თავს დააბრალოს...
„უკვე მტკიცებულების (და არა ლოგიკური და თუნდაც ათასპროცენტიანი ვარაუდის) დონეზე დადასტურდა, რომ აგენტურას ბრიუსელიდან მიღებულ დავალებაში ერთი სიტყვის შეცვლაც კი არ შეუძლია, არც ერთი სიტყვის!ბრიფინგის უმარტივესი ტექსტის დაწერას და თქმას ვერ ახერხებენ და არ ანდობენ დამოუკიდებლად!მერე დადგებიან და მონა მონაო, სხვებს ეძახიან ხოლმე! ჩატარებული ბრიფინგი აგენტობის და მონობის სამარცხვინო სიმბოლოდ დარჩება ისტორიას!" - წერს ირაკლი კირცხალია.