ნატალია ჯვარიძე
14.11.2025

ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობის ფონზე, გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნებისთანავე ოპოზიციის მიტინგზე დემონსტრაციულად მივიდა და აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა. მმართველ პარტიაში ამაზე მწვავე რეაქცია ჰქონდათ და განაცხადეს, რომ „კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იმედი გვქონდა, ელჩი თავს შეიკავებდა, მაგრამ რამდენიმე დღე არ გასულა და მასხრად აგვიგდო".

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, „გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა ჩამოყალიბდეს, ბოლოს და ბოლოს რა უნდათ მათ".

„ამ კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ გვქონდა იმედი, რომ გერმანიის ელჩი გააცნობიერებდა ვენის კონვენციის მნიშვნელობას, კიდევ ერთხელ გადაიკითხავდა შესაბამის მუხლებს და ბოლო-ბოლო ამ ყველაფრის შემდეგ თავს მაინც შეიკავებდა. რამდენიმე დღე არ გასულა და მთელი სახელმწიფო და საზოგადოება მასხრად აგვიგდო. ეკლესიის მლანძღველებს უცხადებს სოლიდარობას. ასე რომ, ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რა სურს მას? სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება თუ ამ ხიდების დაწვა საბოლოოდ, რადგან ამ ელჩის პირობებში, რომელიც ქართულ სახელმწიფოს მასხრად იგდებს, მხარს უჭერს ექსტრემისტებს, სოლიდარობას უცხადებს ქართული ეკლესიის, პატრიარქის მლანძღველ ადამიანს, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხიდები აგებული იქნება გერმანიის მხრიდან", - განაცხადა თავმჯდომარემ.

ელჩის მოულოდნელი სოლიდარობა! - ასე ეხმიანება ოპოზიციის მხარდამჭერი, მხატვარი, მამუკა ცუცქირიძე აქციაზე პეტერ ფიშერის მისვლას. ცუცქირიძე გერმანელი ელჩის გამოჩენას აფასებს, როგორც მომენტს, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ.

„ის იყო, აქციიდან წამოსვლას ვაპირებდი, თან დღეს განსაკუთრებით ვარბენინეთ პოლიცია ხმაურიანი შეძახილებით სოლოლაკის ქუჩებში, რომ ბოლოს ჩვენთან მოულოდნელად მოვიდა გერმანიის ელჩი - ბატონი პიტერ ფიშერი და ამით კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა სოლიდარობა! რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა გადავუხადე საქართველოს მეგობრობისთვის, გვერდში დგომისთვის. მომენტი, რომელიც არასდროს გვავიწყდება!" - წერს მამუკა ცუცქირიძე.

ანალიტიიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ელჩის ქცევები დიპლომატიურ ეტიკეტს სცდება.

„ვფიქრობ, რომ ეს არის ელჩის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მორიგი გამოწვევა, რადგან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კომუნიკაცია შედგა და თითქოს შეთანხმება იყო მიღწეული, ელჩი თავს შეიკავებდა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც ორ მთავრობებს შორის დაძაბულობას გაზრდიდა. შესაბამისად, ვინაიდან ელჩი ასეთ ნაბიჯებს მიმართავს, მე პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებას ვეთანხმები, რადგან სხვა შეფასება არ მომდის აზრად. ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ელჩის პირადი დამოკიდებულების გამოვლენაა ან კიდევ მის ზემდგომ უწყებასთანაა შეთანხმებული, რადგან ასეთი დემონსტრაციული მისვლა ანტისახელისუფლებო მიტინგებზე, ჩემი აზრით, დიპლომატიურ ეტიკეტში არ ჯდება. ელჩს შეუძლია ბოლოს და ბოლოს ოპოზიციის წარმომადგენლები თავისთან, რეზიდენციაში მიიწვიოს და თუ სურს ინფორმაციების მიღება, იქ გაეცნოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ანტისამთავრობო პროტესტებზე დემონსტრაციულად მისვლა, დიპლომატიურ ეტიკეტს სცდება, ვინაიდან ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. ვერ ვიმარჩიელებ, რა დგას ელჩის ამ გადაწყვეტილების უკან, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არის ნაბიჯი, რომელიც ემსახურება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×