
სკოლების ახლომდებარე საცხობები და მარკეტები, სადაც მოსწავლეები ხშირად ყიდულობენ პროდუქტს, სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) კონტროლის ქვეშ მოექცა. უწყების ინფორმაციით, შემოწმებები უკავშირდება ბავშვების ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხო სურსათზე ხელმისაწვდომობას.
ინსპექტორები აფასებენ ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, პროდუქციის შენახვისა და რეალიზაციის წესებს, ვადებსა და უსაფრთხოების სხვა კრიტერიუმებს. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მოწმდება სკოლებისა და ბაღების კვების ბლოკებიც.
წლეულს ჩატარებული 6000 ინსპექციიდან 173 დარღვევა გამოვლინდა - ძირითადად, ვადაგასული სურსათის გაყიდვა, არასწორი ეტიკეტირება და რეგისტრაციის გარეშე ოპერირება.
სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, საეჭვო პროდუქტის ან დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე 1501. უწყების შეფასებით, მოსახლეობის ჩართულობა საწარმოების მონიტორინგს უფრო ეფექტურს ხდის და პრობლემების დროულ აღმოჩენას უზრუნველყოფს.