
შესალოა საქართველომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას ექსტრადიცია მოითხოვოს. მას დაუსწრებლად 13 წელი შეეფარდა. გუნდის წევრებს არ გაკვირვებიათ სასამართლოს გადაწყვეტილება და აცხადებენ, რომ „პროკურატურა და სასამართლო არ არსებობს, [და] თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მდგენელით გაჟღენთილი საქმეა". თავად გახარია რამდენიმე თვეა, საქართველოში არ იმყოფება და ჯერჯერობით ჩამოსვლას არ აპირებს.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ შესაბამისი სტრუქტურები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოითხოვს თუ არა საქართველო მის ექსტრადიციას.
„ვითარებას თუ შევხედავთ, საქართველოს საკმაოდ მძიმე შედეგი დაუდგა, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ჩორჩანის საგუშაგოს სიახლოვეს ცხოვრობდნენ. საოცრება ის არის, რომ გახარიას ამ ნაბიჯზე შეთანხმება არავისთან ჰქონია. არგუმენტირებული ეჭვი ჩნდება, რომ ეს განზრახ იყო ჩადენილი, რათა შეტაკება მომხდარიყო ან რუსეთს უფრო მკაცრი, ხისტი ზომები მიეღო საქართველოს მიმართ, რაც შემდეგ პროცესების განვითარებას გამოიწვევდა.
„პროკურატურისთვის ეს მოსაზრებები საგულისხმოა. ფაქტია, რომ საქართველომ დიდი ტერიტორია დაკარგა და კვლავ გაიზარდა საოკუპაციო ზონა. რაც შეეხება 20 ივნისის თემას, სტრასბურგმა პოლიციის მიერ ჩადენილი გადაცდომების გამოძიება მოითხოვა.
„თავად პოლიცია რა მდგომარეობაში ჩააყენა ხელმძღვანელობამ, კერძოდ გახარიამ? რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ გააფთრებული შტურმის წინაშე, არ ინძრეოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, გაიტაცეს, რამდენიმე მათგანს წაართვეს ეკიპირება, დაამცირეს და შემდეგ განვითარდა პროცესები, რომლის გამოძიებაც სტრასბურგმა მოითხოვა.
„შეფასებების ერთობლიობა უნდა იყოს გამყარებული ფაქტებით. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, შესაბამისმა სტრუქტურებმა ექსტრადირება მოითხოვონ. საგანგებოდ საინტერესოა, რა მოხდა ჩვენს თავს, ვინ არის მოღალატე, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისთვის იბრძვიან?" - განაცხადა გია ვოლსკიმ.
როგორც გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, გახარიას წინააღმდეგ საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს. ბრალდება სსკ-ს 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც 13 წლამდე ციხეს ითვალისწინებს.
ექსპრემიერის პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ფაქტობრივი მტკიცებულებებიც კი არ არსებობდა, რომელიც ობიექტურ პირს გახარიას ბრალეულობაში რაიმე ფორმით დაარწმუნებდა.
„პროკურატურა, სასამართლო - არ არსებობს, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მდგენელით გაჟღენთილი საქმე. აქ სამართლებრივ პროცესებზე, არგუმენტებზე, მტკიცებულებებზე საუბარიც არ არის. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი კი არა ფაქტობრივი მტკიცებულებებიც არ არსებობდა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გიორგი გახარიას ბრალეულობაში რაიმე ფორმით. გიორგი გახარიას კი არ ედავებიან - საქართველოს ედავებიან. ეს საქმე იქნება პრეცედენტი, რომელსაც ნახავთ, როგორ გამოიყენებს ცხინვალის საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმი. ეს იქნება საქართველოს დაზიანება, რაც დღეს პროკურატურამ და სასამართლომ გააკეთა. ორჯერ დაგვჭირდა ახსნა, ვერ გავიგეთ რას ამბობდა მოსამართლე გადაწყვეტილების მიღების დროს, თუმცა ცხადი იყო, რომ პატიმრობას უფარდებდა", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.