რეზონანსი
14.11.2025

ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, შსს-მ ქვეყნის 50 პირი დააკავა, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები.

საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მათ ბრალი ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ - აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდა.

სამართალდამცველების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები, ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას!“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×